რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი კვირას ყველაზე დაძაბულ ავტოშეჯიბრს უმასპინძლებს. 28 ოქტომბერს ფინალური რბოლა საქართველოს ჩემპიონატის ოთხივე კლასში გაიმართება. ესენია: „ლეგენდსი", „ფორმულა ალფა", „GTUnlimited" და მონო კლასი (ტურინგი).ფინალური შეჯიბრი კლასების მიხედვით 13:00 საათზე დაიწყება და მასში ერთმანეთს ქართველი, რუსი, ბელორუსი და პირველად ნაციონალური ავტოსპორტის ისტორიაში, ფინელი ავრომრბოლელები დაუპირისპირდებიან.
რუსთავის ავტოდრომის მენეჯმენტის ცნობით, ფინელები არიან - ჯანი კუივალა და ნიკო ლედერბერგი, სხვადასხვა ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები. რუსეთიდან კი შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ორი უძლიერესი მრბოლელი, რუსეთის ჩემპიონი და ამავდროულად ფინეთის „ფორმულა 3" ვიცე-ჩემპიონი ვიქტორ შაიტარი დარუსეთის უამრავი თასის მფლობელი არტემ კაბაკოვი. საქართველოს მხრიდან შეჯიბრზე ევროპის ლეგენდსის თასის გამარჯვებული დავით ქაჯაია, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი მევლუდ მელაძე და ავტოდრომის მფლობელი, გამოცდილი მრბოლელი შოთა აფხაზავა და სხვა უძლიერესი მრბოლელები იასპარეზებენ.
„კვირას იმართება ჩემპიონატის რიგით მეშვიდე, ანუ დასკვნითი ეტაპი, სადაც გადაწყდება საქართველოს ჩემპიონის ბედი.საქმეს ართულებს და თან ამშვენებს ის ფაქტი, რომ ფინელი რუსი და ბელორუსი მრბოლელებიც შემოგვიერთდნენ. ეს ერთგვარი დაზვერვაა 4 ნოემბერს დაგეგმილი საერთაშორისო შეჯიბრისთვის, სახელწოდებით "Rustavi Challenge" სადაც იმდენი უცხოელი მრბოლელი ჩამოდის, რომ სასტარტო ზოლზე ძლივს გვყოფნის ადგილი. მოკლედ, გულშემატკივარმა განსაჯოს ჩვენი მრბოლელების დონე როგორც ფორმულაში, ასევე ლეგენდის და ძარიანი ავტომობილების კლასში" - აცხადებს რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრს "Rustavi Challenge", რომელიც 4 ნოემბერს გაიმართება, მასში მონაწილეობაზე განაცხადები 24-მა უცხოურმა ეკიპაჟმა გააკეთა, მათ შორის არიან შვედები, გერმანელები, რუსები, ბელორუსები, სომხები, უკრაინელები, ესპანელები.
საქართველო ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ფორმულას" კლასის ნაციონალური ჩემპიონატი გააჩნია. ამასთან საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშიც შედის, რომლებშიც „ლეგენდსის" საერთაშორისო კლასის ჩემპიონატები იმართება. ასეთები კი არიან აშშ, საფრანგეთი, ბელგია, მაროკო, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეჯიბრამდე ავტომოყვარულებისთვის ტოტალიზატორმა „ევროპა ბეთმა" პარასკევიდან „ლეგენდსის" და „ფორმულა ალფას" კლასებზე ფსონების მიღება დაიწყო.
რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა და მასში,მფლობელის, შოთა აფხაზავას მიერგანხორციელოებულმა კერძო ინვესტიციამ 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „რუსთავის სართაშორისო ავტოდრომი" ამიერკავკასიის ერთადერთ პროფესიონალური ავტოდრომია, რომელიც FIA (საერთასორისო საავტომობილო ფედერაციის გრეიდ 2) მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული, რაც შესაძლებელს ხდის ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები ავტორბოლის ყველა სახეობაში გარდა „ფორმულა 1"-სა.
მასალის გამოყენების პირობები