ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბაზრობების მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბაინდურაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა სასაქონლო ზედნდებთან დაკავშირებით, რადგან მოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ ეს თემა ამოწურულია.
შეხვედრაზე ისაუბრეს, ზოგადად, მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა მთავრობა დაეხმაროს მცირე ბიზნესს.
მინისტრის თქმით, შეხვედრა კონკრეტული შედეგითა და გეგმით დასრულდა.
როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, შექმნილია ე. წ. მედიაციის საბჭო, რომელიც სამინისტროს უწყება იქნება და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გადამხდელსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის წარმოშობილი დავის მოგვარება, ვიდრე საქმე გასაჩივრებამდე და სასამართლომდე მივა.