24 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე, მრავალ სხვა საკითხთა გარდა, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხის დაყენებას აპირებენ. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ გააკეთა.
"ქართული მხარე, სავარაუდოდ, რამდნეიმე საკითხს დააყენებს. ვისაუბრებთ, მოვიკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. განვიხილავთ ასევე ინციდენტებს, რომლებიც დაფიქსირებულია ბოლოს გამართული შეხვედრიდან დღემდე", _ აცხადებს ქემოკლიძე და აღნიშნავს, რომ საკითხი ორივე მხარეს დაკავებულების გაცვლის შესახებ, მართალია დღის წესრიგში არ დგას, თუმცა დახურული არ არის და მომავალი ორმხრივი მუშაობის საგანს წარმოადგენს.
"ორივე მხარის დაკავებულების გაცვლის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ზოგადად გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ შეხვედრაზე ეს საკითხი, რომელიც მომავალი ორმხრივი მუშაობის საგანს წარმოადგენს - არ დგას",_ აცხადებს ქემოკლიძე
სააგენტოსთან საუბარში და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მცხეთში არსებულ სამარხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"ამასთან დაკავშირებით ცალკე ფორმატი არის შექმნილი. ეს სამმხრივი შეხვედრებია, რომელიც საერთაშორსო წითელი ჯვრის ხელმძღვანელობით იმართება. ამ ფორმატის მეშვეობით ჩვენ აქტიური კოორდინაცია გვაქვს აღნიშნულ ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. 90-იან წლებში ერთ-ერთ ბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მათ აქვთ ეჭვი, რომ ეს პიროვნება რომელიც 90-იანი წლებში დაიკარგა და ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მცხეთის სასაფლაოზეა დაკრძალული.
აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შევისწავლეთ ეს საკითხი. ჩვენი ინფორმაციით ეს ფაქტი არ დადასტურდა, თუმცაღა შეგვიძლია ამ ოჯახის წევრს ვუმასპინძლოთ, რომ თვითონ ჩამოვიდეს და დარწმუნდეს, რომ ასეთი ტიპის სამარხი ამ სასაფლაოზე არ არის",_ აცხადებს ქემოკლიძე და სოფელ ზარდიანთაკრთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზედაც აკეთებს კომენტარს. ქემოკლიძე აცხადებს, რომ ზარდიანთკართან დაკავშირებული საკითხით აპელირება ოსური მხრიდან მისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, ვინაიდან, ქემოკლიძის თქმით, იქ პრობლემა, მართლაც, არ არსებობს.
"ზარდიანთკართან დაკავშირებით, ქართული მხარის პოზიცია ნამდვილად არ შეცვლილა, თუმცა ზარდიანთკარის საკითხი მუდმივად იდება ბოლო პერიოდში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის დღის წესრიგში. სიმართლე თუ გინდათ, ეს ცოტა გასაკვირიც არის, იმიტომ, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო ამ ფორმატის ერთ ერთ შეხვედრაზე, კერძოდ 21 ივნისს. ოსური მხარე ადასტურებს, რომ ქართული საგუშაგოს ადგილმდებარეობის გადაწევა, მათ შორის ადგილმდებარეობის განსაზღვრა არის ქართული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და ისინი ვერც ძლიერ არგულემენტებს წარმოადგენენ ვერც ერთ ფაქტთან დაკავშირებით. ასე რომ, საგუშაგო იმ ადგილზეა, სადაც განთავსდა და მისი შცვლა ჯერჯერობით არ იგეგმება. მეტიც, პრობლემები იქ არც არის რელურად. იქ მოსახლეობას თითქოს ჰქონდათ პრობლემა - მათ ჰქონდათ ე.წ. მორალური შიში, განპირობებული 90 -იანი წლების კონფლიქტიდან გამომდინარე და არ უნდოდათ იარაღიანი ხალხის იქ დანახვა, მაგრამ მოსახლეობაც ადასტურებს, რომ ჩვენს საგუშაგოზე მყოფი პოლიციელები ძალიან ზრდილობიანად და კულტურულად იქცევიან და მოსახლეობას არც გადასვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.
მე პირადად ვიყავი ორჯერ ჩასული ამ სოფელში და რვიდან ხუთ ოჯახს პირადად ვესაუბრე, ასე რომ, ამ მხრივ მართლაც პრობლემა არ არსებობს - გაკვირვებული ვარ რატომ აყენებენ ამ საკითხს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან"საუბარში ქემოკლიძე .