საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის აშშ-ში ვიზიტის მთავარი თემა უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის ფინანსური დახმარების საკითხებია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანთან და ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ აშშ-ს დახმარების გარეშე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი საკმაოდ რთული იქნება.
"აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება", _ განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლებზეც, რომელიც ძირითადად რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული და რომლის გადაწყვეტაშიც აშშ-ს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
"არის პრობლემები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას რუსეთის უკანონო სამხედროების ყოფნით და მთლიანად რუსული აგრესიული მოქმედებების შედეგად. ვისაუბრეთ, რა გამოსავალი იქნება აქედან და რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს დასახმარებლად", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.