რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.
მაცივრის მშენებლობა კომპანია "ბირლიკმა" განახორციელა, რაშიც 75 ათასი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული.
თანხიდან 50 ათასი დოლარი "უსაიდმა" გამოყო, ხოლო 25 ათასი დოლარი ფერმერების მიერ შეგროვებული თანხაა.
სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა ძირითადად სოფელ "ბირლიკის" მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მათ საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტების დასაწყობება შეეძლებათ.
სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროდუქციის მიწოდება ადგილობრივი სუპერმარკეტების, ვეჯინის ბაზრობისა და სუპერმარკეტ "პოპულის" ქსელისთვის.
"ქართული ადგილობრივი ბოსტნეულისა და ხილის პროდუქცია იმპორტირებულ, თურქულ პროდუქციასთან შედარებით საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იმპორტი მაინც მაღალია და საჭიროა, დროულად მოხდეს ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება. ახალ სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობაში არასეზონური პროდუქტების დასაწყობებით შესაძლებლობა იქნება წლის ნებისმიერ მონაკვეთში ბაზარზე გამოვიტანოთ ის პროდუქცია, რომელიც იმ მომენტისთვის ბაზარზე ნაკლებია", - აცხადებს კომპანია "ბირლინკის" ხელმძღვანელი დავით მალაზონია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ალეკო ცინცაძის განმარტებით კი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი სასაწყობე მეურნეობები აშენდეს და ადგილობრივმა პროდუქციამ იმპორტულს კონკურენცია გაუწიოს.
"ასეთი მაცივრების მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აქ დასაწყობებული პროდუქცია ფერმერს შეუძლია ბაზარზე გამოიტანოს და არასეზონურობის გამო შედარებით მაღალ ფასად გაყიდოს. ასეთი პროექტების განხორციელა მნიშვნელოვანია, როგორც ფერმერისთვის, ისე სამინისტროსთვის", - განაცხადა ალეკო ცინცაძემ.