რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პროექტ "სამხრეთ ოსეთის შვიდი საოცრების" რეალიზება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ინიციატორი გაზეთი "იუჟნაია ოსეტიაა". გაზეთის ე.წ. მთავარი რედაქტორი ანდრეი კოჩიევი აცხადებს, რომ თავისი საოცრებები უკვე აქვთ რუსეთს, უკრაინას, იტალიას, ავსტრალიას და რატომ არ უნდა ჰქონდეს ის ე.წ. სამხრეთ ოსეთს.
მისი თქმით, პროექტის მიზანია, განისაზღვროს ის უნიკალური არქიტექტურული და ბუნებრივი ძეგლები, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.
"რატომ შვიდი? ალბათ იმიტომ, რომ ციფრი შვილი ოსებისთვის საკრალურია. სამხრეთ ოსეთში ბევრი ისეთი რამ არის, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ",_ აცხადებს კოჩიევი და აღნიშნავს, რომ განსახილველად უკვე გამოტანილია ისეთი ძეგლები, როგორებიც არის - ერწოს ტბა, თირის მონასტერი, კუდაროს გამოქვაბულები და გუფთის ხიდი.
მათი ინფორმაციით, წინადადებების მიღება მცხოვრებლებისგან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, 1-ელ დეკემბერს ხმის მიცემის პროცედურა გაიმართება და გამარჯვებული ძეგლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ინტერნეტში ხმის მიცემით გამოვლინდება.
ერწოს ტბა - კარსტული ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის აუზში, ცხინვალ-ონის გზაზე, ცხინვალიდან 36 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1710 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². უდიდესი სიღრმე 19 მ, საშუალო სიღრმე 2,1 მ. უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. უდიდესი დონე მაის-ივნისშია, უმცირესი - აგვისტო-სექტემბერში. ზამთარში იყინება. ტბაში თევზი არ იცის.
თირის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის რაიონში, სოფელ მონასტერთან, ცხინვალიდან 4-5 კილომეტრის მანძილზე ისტორიულ შიდა ქართლში. კომპლექსის შენობათაგან ყველაზე ადრინდელია XIII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის ეკლესია. მაჩაბელთა საგვარეულო საძვალე. ვახუშტის მიხედვით, "თამარაშენს ზეით ერთვის თირის მონასტრის ხევი. ამის დასავლეთით არს, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღვარი". ისტორიული სახელწოდება "თირი", როგორც ჩანს, მომდინარეობს ამ ადგილებში არსებული ქარაფების ძველი სახელწოდებიდან - თირის კლდე იგივე ქვიშაქვის კლდეა. სულხან-საბას განმარტებით, - "თირი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი". ძეგლი თარიღდება XIII საუკუნის დასასრულით. სამხრეთ მინაშენის დასავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: "ქ.მოლარეთ უხუცესისა ხელას ერთგ(ულსა), მახატლიშვილსა, ბევროზს სეუნდოს ღმერთმან".
ჩრდილოთ მხარეს მინაშენის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია მხედრული წარწერა: "შეწევნითა ღვთისათა მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოზმან ფილიპემ, არდაშელმა, ჩვენ ელიზბარ, აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლოზისა. სულისა ჩვენისა სახსრად. ოდეს ბედნიერის ხელმწიფისგან ჩვენს ნათევსავთა სასაფლაოდ, სამკვდროდ, სამამულოდ მოსცემოდა ესე მონასტერი, მამა-პაპანი მარხეულ იყვნეს, მათი მოშლა აღარ იქმნებოდეს, საყდარი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ, ქრონიკონს ტო".
კუდაროს გამოქვაბულები - საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან საცხოვრებლად ხელსაყრელი ტერიტორია იყო. ქვედა პალეოლითის ნასახლარები საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალათში, ჭიპიანის მთაზე. ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალმთიან რეგიონებსაც - აღსანიშნავია კუდაროს და წონას გამოქვაბულები.
კუდარო, სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთების შემცველი კარსტული წარმოშობის მღვიმეთა ჯგუფი (5 მღვიმე) ჯავის რაიონის სოფ. ჩასავლის მახლობლად. მდ. ჯეჯორის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1580-1600 მ. აღმოაჩინეს 1955 წელს. კუდარო I და კუდარო III განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დიდი გუფთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (მსხლების ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ჯავიდან 5 კილომეტრი.