"ქართულ მხარესთან შეთანხმებით, 10 თებერვლიდან იგეგმება რეისების აღდგენა მარშრუტით _ თბილისი-ერევანი-მოსკოვი", _ განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანია "არმავიას" პრეზიდენტმა მიხეილ ბაღდასაროვმა გააკეთა.
მისი თქმით, ავიარეისი თბილისი-ერევანი-მოსკოვი გაუქმდა არარენტაბელობის გამო _ ავიაკომპანია "არმავიას" ზარალმა გასული წლის 10 თვის ამ რეისის გამო 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბაღდასაროვმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება საზღვრის გადაკვეთისთვის გადასახადის შემცირების შესახებ.
"ადრეც მიგვიმართავს თბილისის აეროპორტის ხელისუფლებისთვის, რომ გადასახადები შეემცირებინათ, მაგრამ ასე არ იქცეოდნენ. ამის გამო ჩვენი ავიაკომპანია ვალდებული იყო თითოეული მგზავრის გადაყვანისთვის 21 ევრო გადაეხადა. იყო ასევე სხვა ხარჯებიც. ამიტომაც მიიღო ავიაკომპანიამ ამ რეისის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა თბილისელმა კოლეგებმა მაინც დაწიეს გადასახადები. ამიტომაც ამიერიდან რეისი თბილისი-ერევანი-მოსკოვი აღდგება და ფრენები 10 თებერვლიდან განხორციელდება.
ავიაკომპანია "არმავიას" ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს ავიაკომპანია გეგმავს ახალი რეისების გახსნას "ერევანი-კვიპოსის", "ერევანი-თელ-ავივის", "ერევანი-დელის" და "ერევანი-ბარსელონას" მიმართულებით.