დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა და ბიზნესთან ერთად პრეზიდენტის ინიციატივებიც შეაჯამა.
როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, ბიზნესის თხოვნა სახელმწიფომ ერთხელ უკვე გაითვალისწინა და იმედი არსებობს, რომ მთავრობა ბიზნესში არსებულ პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს და მის მოგვარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
"ჩვენი ასოციაცია ფინანთა მინისტრს უკვე მეორედ ხვდება და ამჯერად, უფრო მომზადებულნი ვართ. კარგად ვიცით, რა მიმართულებით ვესაუბროთ მინისტრს. პირველ შეხვედრაზე ბაინდურაშვილთან საწარმოო ნარჩენების პრობლემა დავაყენეთ და მინდა გითხრათ, მინისტრმა ეს პრობლემა იქვე გადაწყვიტა და 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა კიდეც კანონი საწარმოო დანაკარგების შესახებ, რაც ასე მნიშვნელოვანია, როგორც ნავთობკომპანიების, ისე ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
პრეზიდენტის ინიციატივით, 2010 წლიდან საგადასახადო დავების საბჭოში ბიზნესიც შევიდა და 1-ლი იანვრიდან საბჭოს წევრები გახდნენ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და სამრეწველო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი.