ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრაიმერის ინიციატორი პარტიების მიერ 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციები ნაკლებად მასშტაბური იქნება.
როგორც გია ხუხაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ბოლო პერიოდში ბევრი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდა, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა.
"9 აპრილამდე დიდი დროა და კარგია, რომ ცალკეულმა პარტიებმა ადრე დაიწყეს აქციების დაგეგმვა, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ვერ ვხედავ და რამის პროგნოზირება გამიჭირდება. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია და ეს უნდა აღნიშნოს ყველამ, პოლიტიკოსმაც და არაპოლიტიკოსმაც, ასე რომ, განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ ეს სამი პარტია ამას აღნიშნავს. განცხადებები ბევრი მინახავს, მაგრამ, სამწუხაროდ, შესრულებული ბევრი არაფერი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერობის ერთიანი კანდიდატების გამოვლენის მიზნით პრაიმერის ჩატარების ინიციატორი პარტიები: "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" 9 აპრილიდან აქციების გამართვას გეგმავენ. აქციების ინიციატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები პრევენციული ხასიათის იქნება. საპროტესტო მიტინგების მორიგი ტალღა დედაქალაქში გაზაფხულზე, 9 აპრილს დაიწყება და 26 მაისს "გრანდიოზული, გამაფრთხილებელი აქციით" დასრულდება.