აზერბაიჯანში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნამდე დიპლომატიურ მისიას ნიკოლოზ გოგიტიძე შეასრულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"აზერბაიჯანში საქართველოს დროებითი საქმეთა რწმუნებული ნიკოლოზ გოგიტიძე იქნება", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ნიკოლოზ გოგიტიძე აზერბაიჯანში საქართველოს უკვე ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვანო ნონიაშვილის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ ნონიაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნონიაშვილი მოვალეობის ოფიციალურ შესრულებას არც შედგომია, ვინაიდან ბაქოდან შესაბამისი აგრემანი გადადგომამდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული.
ნონიაშვილი დიპლომატიურ სამსახურში გადასვლამდე პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ელჩის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. ამ კუთხით ქვეყნის პირველ პირს კანონი გარკვეულ ვადებში მოქცევას არ ავალდებულებს.