ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი ორი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. საქმეებზე «გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ» და «ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ» ევროსასამართლომ გადაწყვეტილებები ოქტომბერში გამოიტანა.
საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება არ გამოუყენებია.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულებას ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს გორგილაძის სასარგებლოდ 5 ათასი, ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას სასარგებლოდ კი 2 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საქმეებში «გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ» და « ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ » ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება). Mე-3 მუხლი დარღვეულად ცნო პატიმრობის არასატანადო პირობების გამო, ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ განმცხადებლების საქმის განხილვა საქართველოში არ მოხდა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ. საუბარია საქართველოში სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. საქართველოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით აღებული ჰქონდა ვალდებულება, კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა.
შესაბამისად, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო, არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლს და ნებისმიერ პირს, ვისი საქმის განხილვაც მოხდა სახალხო მსაჯულების მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითად განხილვა