კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა და 5.2 მლრდ ლარის დონეზე დარჩა. ამასთან, გაიზარდა ვადიანი სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით, ანუ 60.9 მლნ ლარით, ხოლო შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 30.7 პროცენტით, ანუ 67.4 მლნ ლარით.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 563.4 მლნ ლარის (ნოემბრის ბოლოს მონაცემთან შედარებით 10.8 პროცენტით ანუ 55.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.0 პროცენტით ანუ 23.3 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 45.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. გასული წლის ნოემბერთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.9 პროცენტით ანუ 25.7 მლნ ლარით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.7 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 იანვრისათვის 676.0 მლნ ლარით განისაზღვრა (5.7 პროცენტით ანუ 36.5 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით);
11.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 341.2 მლნ ლარია (9.8 პროცენტით ანუ 30.4 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2009 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში 0.4 პროცენტით ანუ 8.3 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2010 წლის 1 იანვრისათვის 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.