უკრაინის ქალაქ კრივოიროგში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ წოლჭიმში, 27 წლის სპორტსმენმა ცოტნე ბეჟაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 175 კილოგრამი დაძლია და რუსი სპორტსმენი დაამარცხა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ცოტნე ბეჟაშვილის მწვრთნელმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა შოთა ბეჟაშვილმა განუცხადა, სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი 17 კილოგრამით გააუმჯობესა.
„ცოტნემ თავის წონით კატეგორიაში ხომ აიღო პირველი ადგილი, 182 მონაწილე სპორტსმენთა შედეგები შეაჯამეს და აბსოლუტურში მეორე ადგილი დაიკავა და კოეფიციენტის მიხედვით სამ საუკეთესოში დასახელდა, რისთვისაც სპეციალური თასი გადაეცა“, – განაცხადა მწვრთნელმა.
უკრაინაში მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში მსოფლიო „პაუერლიფტინგის“ კონგრესის ორგანიზებით ჩატარდა. მასში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ცოტნე ბეჟაშვილი საქართველოს ნაკრების და სიღნაღის კლუბის წევრია. ამჯერად ის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები