ხორვატიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს ნაკრების ფორმით ივარჯიშა. აღნიშნულის მიზეზი ხორვატიის ნაკრების ფორმის დაკარგვა გახდა. ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" ხორვატიის ნაკრების ბარგი, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად ნაკრების ფორმაც იყო, თბილისში არ ჩამოიტანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სფფ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა განუცხადა, ხორვატიის ნაკრებს ბარგის თბილისამდე ჩამოღწევა აგვიანებს.
"თუ მატჩის დაწყებამდეც ვერ გადაწყდა ეს პრობლემა, სავარაუდოდ ქართველები თეთრი, ხორვატები კი წითელი მაისურებით ითამაშებენ. ორივე მაისურს მკერდზე სფფ-ს ლოგო ექნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ელოშვილმა.
თბილისში ავიაკომპანიის წარმომადგენლობა მუშაობას 18:00 საათზე წყვეეტს და მხოლოდ 00:00 საათიდან ანახლებს, შესაბამისად "ჯი-ეიჩ-ენმა"ოფიციალური კომენტარი ვერ მოიპოვა,.
კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც იმის გამო რომ მას ოფიციალური კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს და ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა, "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ შესაძლოა ეს იყო უსაფრთოხების გამო ან ზედმეტი წონის გამო, "რადგან წუხელ საკმაოდ ბევრი ხალხი ჩამოფრინდა".
მისივე თქმით, ბარგი სავარაუდოდ დღეს ღამე 03:00-ზე ჩამოვა თბილისში.
"ყველა სიტუაციაში ბარგი სავარაუდოდ, შემდეგ რეისზე თბილისში იქნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლუფთჰანზას წარმომადგენელმა არაოფიციალურ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს თბილისში ახალგაზრდებს შორის ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-5 ჯგუფის მორიგი მატჩი გაიმართება. „მიხეილ მესხზე" ერთმანეთს ჯგუფში მე-3 ადგილისთვის მებრძოლი საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდელი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ციკლის პირველი მატჩი, მაშინ ჯერ კიდევ ოთარ გაბელიას გაწვრთნილმა ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა" ხორვატიაში 1:0 მოიგეს. დღეისათვის, ხვალინდელ მეტოქეებს 6-6 ქულა აქვთ და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე ინარჩუნებენ სამეულში ადგილის დამკვიდრების შანსს.
ტრადიციული მატჩისწინა ვარჯიშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი 21-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ხაზი გაუსვა მისი გუნდისთვის ხორვატებთან მატჩის მნიშვნელობაზე. ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ჩვენებურებს გადაწურული აქვთ. სამაგიეროდ მე-3 ადგილზე გასვლით, ახალი შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას, ხელსაყრელი მეტოქეების შეხვედრის შანსი ჩნდება.
15 აგვისტოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მას უკრაინელი არბიტრი ანატოლი აბდულა განსჯის. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი 5 ლარი ღირს.