თავისუფალი სტილით 96 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ, საქართველოს დელეგაციას მე-3 ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ქართველი ფალავანი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ასასვლელად უზბეკ ყურბან ყურბანოვს ეჭიდავა და 3 პერიოდის ჯამში ქულებით 6:1 მოუგო. ამით მან პეკინის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა, სადაც ახლანდელივით ბრინჯაო დაისაკუთრა.
32 წლის გორელ სპორტსმენს, დღევანდელი პირველი მეტოქე ეგვიპტელი სალეჰ ემარა ტატამზე არ გამოუცხადდა, რის გამოც გოგშელიძემ 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა. შემდეგ მან მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი ორ პერიოდში თითო ქულით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი, ამერიკელ იაკობ სტივენ ვარნერთან 3 პერიოდის ჯამში წააგო და ბრინჯაოს ფინალში გამოსვლის საშუალება მიიღო.
ამრიგად, 35 სპორტსმენისაგან შემდგარმა ოლიმპიურმა დელეგაციამ ლონდონში 7 მედლის მოპოვება შეძლო. ქართველებს ერთადერთი ოქრო მოუტანა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა , რომელმაც 66 კგ-იანებში იმარჯვა. 3-მა ოლიმპიელმა მოიგო ვერცხლის მედალი - რევაზ ლაშხმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 60 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა - 55 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა - 120 კგ). ასევე 3 აქვთ ქართველებს ბრინჯაო - მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 66 კგ), დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა - 84 კგ) და გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა - 96 კგ).