წარმატებული დღე აქვთ ქართველ „კლასიკოს" ოლიმპიელებს. ნახევარფინალური პაექრობების შემდეგ სამივე მათგანი მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ფინალში გავიდა 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ ლაშხი. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მისი მეტოქე ირანელი ომიდ ჰაჯი ნოროოზი იქნება. საქართველოს დროით ეს პაექრობა 21:46 წუთზე დაიწყება.
1/2-ფინალი რუს ალან ხუგაევთან 1:3 წააგო 84 კგ-იანმა ვლადიმერ გეგეშიძემ. იგი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც ბელარუს ალიმ სელიმაუსა და ყაზახ დანიალ გაჯიევს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.
ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, ოღონდ უფრო გრძელი გზის გავლა მოუწევს, ფინალისტ კუბელ ლოპეს ნუნესთან მეოთხედფინალში დამარცხებული 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ ფერსელიძე. ის ჯერ ეგვიპტელ აბდელრაჰმან ელტრაბილის ეპაექრება და თუ მას მოუგო, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თურქ რიზა კაიალპისთან გაარკვევს ურთიერთობას.
მასალის გამოყენების პირობები