რუსეთი მზადაა, რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა დაიწყოს. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ მოსკოვში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთა.
"ჩვენი მხრიდან არ არის პრინციპული წინააღმდეგობა იმისა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგეს. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს რიგ ტექნიკურ საკითხებში საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის წინასწარ შეთანხმებას", _ განაცხადა ნესტერენკომ.
მისი თქმით, აუცილებელია ასევე გაირკვეს ქართველი გადამზიდველების დავალიანების საკითხი, რომელიც მათ რუსეთის საჰაერო აერონავიგაციული მომსახურეობისათვის აქვთ გადასახდელი.
"თუკი ქართული მხარე გამოხატავს დაინტერესებას, მზად ვიქნებით შეაბამისი მოლაპარაკებები ჩავატაროთ", _ აცხადებს ნესტერენკო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა პირველად 2006 წელს შეწყდა. რამდენიმე ხნის შემდეგ აღდგა. მეორედ კი 2008 წლის აგვიტოს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.