სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კალმახელიძის უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას 20-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
მინისტრმა სამოქალაქო სექტორთან პარტნიორულ რეჟიმში თანამშრომლობის და კანონის ფარგლებში მათი ინიციატივებისა და შენიშვნების გათვალისწინების სურვილი გამოხატა.
ხათუნა კალმახელიძე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს 2010 წლის პრიორიტეტებზე ესაუბრა და მინისტრის ხედვა წარუდგინა. კერძოდ ყურადღება გაამახვილა პენიტენციალური ჯანდაცვის განვითარებაზე, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეფორმირებაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებასა და სასწავლო ცენტრის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაზე.