ლონდონური უამინდობის გამო 1 დღის დაგვიანებით გამართულ, ჩოგბურთელ ქალთა წყვილების თანრიგის 1/16-ფინალში, ქართველებმა ანა ტატიშვილმა და მაკა ჩახნაშვილმა ანდრეია კლეპაჩისა და კატარინა სრებოტნიკის სლოვენიურ წყვილთან 3 სეტში - 6:7, 6:3, 2:6 წააგო.
პაექრობა 2 საათსა და 6 წუთს მიმდინარეობდა და მასში გადამწყვეტი როლი პირველი სეტის შედეგმა ითამაშა. მეტოქეები ქულა-ქულაში მიდიოდნენ - ქართული წყვილი ერთ გეიმზე მეტი უპირატესობით წინ არ უშვებდა ოპონენტებს, მაგრამ გადამწყვეტ მე-13 გეიმში პირწმინდად 0:7 წააგო. მეორე სეტში ჩვენებურებმა იოლი რევანში აიღეს (6:3). თუმცა, საბოლოოდ ისე გამოჩნდა, სლოვენიელები გადამწყვეტი სეტისთვის ინახავდნენ ძალებს - მეტოქემ ქართველ გოგონებს შანსი აღარ დაუტოვა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება დააკარგვინა.
ამით ქართველი ჩოგბურთელის ოლიმპიადაზე ასპარეზობა არ დამთავრებულა. მოგეხსენებათ, ანა ტატიშვილმა ინდივიდუალური თანრიგის პირველი ეტაპი წარმატებით განვლო და გუშინ, ლიხტენშტეინელი სტაფანი ვოგტის ძლევით, 1/16-ფინალში რუს ნადეჟდა პეტროვასთან (მე-16 განთესვა) თამაშის უფლება მიიღო. განრიგით, ეს მატჩი ხვალ უნდა შედგეს, მაგრამ მისი დაწყების დრო ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
მასალის გამოყენების პირობები