ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილის წარმატებული გამოსვლის ფონზე, იყო იმის დიდი ალბათობაც, რომ ჩოგბურთელთა ინდივიდუალური ტურნირი ყველაზე მაღალრეიტინგიან ქალ სპორტსმენსაც გამარჯვებით დაეწყო. უამინდობის გამო, ანა ტატიშვილისა და ლიხტენშტეინელი სტეფანი ვოგტის პაექრობა 3-საათიანი დაგვიანებით, საქართველოს დროით 17:20 საათზე დაიწყო, მაგრამ 49 წუთში შეწყდა.
ამ ხნის განმავლობაში ტატიშვილმა პირველი სეტის მოგება (6:2) მოასწრო და მატჩის საბოლოოდ თავის სასარგებლოდ დასრულებისთვისაც მზად იყო. თუმცა, როგორც ვთქვით ალბიონურმა ზაფხულის ნალექმა, ქართველის მიერ ოლიმპიადაზე მოპოვებული ისტორიული (პირველი) გამარჯვება გამოდარებამდე გადადო. ანა მეორე სეტში 4:0-ს იგებდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ მან კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოს.
სხვათა შორის, უიმბლდონის იმავე, მე-12 კორტზე იყო დღეისთვის დანიშნული მაკა ჩახნაშვილთან დუეტში ტატიშვილის წყვილთა თანრიგის იასპარეზობაც. ქართველების მეტოქე სლოვენიური კლეპაჩი-სრებოტნიკის ტანდემი იქნება. თუმცა, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ მატჩის გასწვრივ „გადადებულია" წერია.