ლონდონის ოლიმპიადაზე პირველ ორთაბრძოლაში იმარჯვა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა. იგი 66 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და მისი მეტოქე ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა გახლდათ.
ქართველის მეტოქეს 2 გაფრთხილება (შიდო) ჰქონდა, რასაც შავდათუაშვილმა იუკოთი შეფასებული ილეთი, პაექრობის დაწყებიდან 1 წუთსა და 49 წამში კი - სუფთა გდება მოაყოლა და 1/8-ფინალში გავიდა.
შემდეგ ეტაპზე, ჩვენებური ძიუდოისტის მეტოქე, ფრანგი დავიდ ლაროსე იქნება. ქართველისაგან განსხვავებით, ფრანგმა უკვე 2 მეტოქის გზიდან ჩამოცილება მოასწრო. 1/32-ფინალში ლაროსემ ებრაელ გოლან პოლაკს იუკოთი მოუგო, შემდეგ კი, რუმინელი დან ფასიე 49-ე წამზე იპონით დაამარცხა.
შავდათუაშვილისა და ლაროსეს ორთაბრძოლა საქართველოს დროით 14:36 საათზეა დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები