ლონდონის ოლიმპიადაზე 29 ივლისს საქართველოს დელეგაციის 4 სპორტსმენი ჩაერთვება მედლებისთვის ბრძოლაში. პირველი, პნევმატურ პისტოლეტს ხელში ნინო სალუქვაძე აიღებს და 10 მეტრიდან ოქროს დაუმიზნებს. სეულის (1988) ოლიმპიადაზე ოქრო-ვერცხლისა და პეკინში (2008) ბრინჯაოს მომგებმა ტყვიის მსროლელმა, სამეფო არტილერიის ყაზარმაში, საქართველოს დროით 12:00 საათიდან უნდა დაიწყოს ასპარეზობა.
ოლიმპიური ტიტულისთვის პაექრობას შეუდგება ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილიც. 66 კგ წონითი კატეგორიის 1/16-ფინალში მისი მეტოქე ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა იქნება. ორთაბრძოლის დაწყების დრო 13:26 საათია.
დღეს ორჯერ მოუწევს უიმბლდონის კორტებზე გასვლა ანა ტატიშვილს. 14:30 საათზე დაიწყება მისი ასპარეზობა ლიხტენშტეინელ სტეფანი ვოგტთან. ეს ინდივიდუალურ თანრიგში. წყვილთა თანრიგს რაც შეეხება, ანა და მაკა ჩახნაშვილი 18:30 საათიდან, კლეპაჩი-სრებოტნიკის სლოვენიურ წყვილს დაუპირისპირდებიან.
მასალის გამოყენების პირობები