საქართველოს თასის მფლობელი გორის „დილა" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც წლევანდელ ევროტურნირზე ასპარეზობას გააგრძელებს. შიდაქართლელებმა, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დანიურ „ორჰუსს" უმასპინძლა და დამაჯერებლად მოუგო - 3:1.
არადა, პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები იგებდნენ (ეკერსლის მიერ ძლიერი დარტყმული ქართველების ხორვატმა კიპერმა ვერ შეიმაგრა და მსაჯმა ავტოგოლად ჩაუთვალა) და თამაშის სურათიც ისეთი იყო, სკანდინავებს მეორე ტაიმში შეეძლოთ უპირატესობის „გამაგრებაზე" ფიქრი.
„დილას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ნელ-ნელა აითვისა მოედნის ცენტრი, სადაც თემურ შალამბერიძის გაწვრთნილები სულ უფრო დიდხანს აკონტროლობდნენ სიტუაციას. ამას „გორელთა" მხრიდან სიჩქარეების მომატება მოჰყვა და და უპირატესობა გოლებში აისახა. 62-ე მათე ვაწაძის ზუსტ თავურს, მალე გიორგი შაშიაშვილმა დაუსვა ლოგიკური წერტილი. მატჩის ბოლო წუთებზე კი, თავი ისევ ვაწაძემ გამოიჩინა - მან ირაკლი მოდებაძის ჩინებულ გადაცემას, ასეთივე გაგრძელება მოუძებნა და გორის „დილას" დამსახურებული გამარჯვება ოფიციალურად გაუფორმა.
ყველაფერი კარგია - საქართველოს პირობაზე საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „დილამ" ორივე მატჩი მოუგო (სტუმრად 2:1) საშუალო ევროპული დონის „ორჰუსს", მაგრამ ცუდი ისაა, ასეთი გამოცდილი მოთამაშეები უბრალო ეპიზოდებში რომ „იკიდებდნენ" ყვითელ ბარათს. თუ უეფამ რეგლამენტი არ შეცვალა, 2 გაფრთხილების გამო, გორელებს მომავალ მატჩში კვირკველია და ვაწაძე დააკლდებათ.
საქართველოს თასის მფლობელის მომავალი მეტოქე კი, როგორც ვიცით, კვიპროსის „ანორთოსისია". კუნძულელებმა 2 მატჩის ჯამში 6:1 (სტუმრად 3:1, შინ 3:0) დაამარცხეს ესტონეთის „ლევადია" და მომავალ ხუთშაბათს საქართველოში ეწვევა „დილას". საპასუხო მატჩს რაც შეეხება, იგი 9 აგვისტოს კვიპროსზე გაიმართება.
უეფას ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი
„დილა" (საქართველო) - „ორჰუსი" (დანია) 3:1 (0:1), პირველი მატჩი 2:1
26.07.2012. თბილისი, „მიხეილ მესხი".
„დილა": სკენდერი, სალუქვაძე (კაპ.), ონიანი, შაშიაშვილი, ალადაშვილი (ახალკაცი, 57), ვაწაძე, გოგუა (მოდებაძე, 77), გრიგალაშვილი, კვირკველია, გურული, კაშია (ბეჭვაია, 27).
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.
„ორჰუსი": რასმუსენი (კაპ.), ჰოლანი, ეკერსლი, ნერეგორი, იორგენსენი, ახარაზი (პეტერსენი, 64), სორინი, იოჰანსონი (გრაულუნდი, 43), დევდარიანი (ლარსენი, 71), კირკესკოვი, სლოტი.
მთავარი მწვრთნელი: პეტერ სერენსენი.
გოლები: 0:1 სკენდერი (34, საკ. კარში), 1:1 ვაწაძე (62), 2:1 შაშიაშვილი (74), 3:1 ვაწაძე (83).
გაფრთხილებები: კვირკველია (57), ვაწაძე (63), სლოტი (68), ონიანი (77), ნერეგორი (90), შაშიაშვილი (90+1), სალუქვაძე (90+4), გრაულუნდი (90+4).
მსაჯები: შტეფან შტუდერი, სანდრო პოცი, ჟან-ივ ვიხტი, დანიელ ვერმელინგერი (ყველა შვეიცარია).