ესპანეთის ქალაქ კორდობაში მიმდინარეობს პირველი საუნივერსიტეტო თამაშები, სადაც ევროპის ქვეყნების 2000-მდე სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში იბრძვის პირველობისთვის. საქართველოდან ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე ხელბურთსა და ფუტზალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (სტუ) და სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდები მონაწილეობენ.
ქართული გუნდები ესპანეთში უნივერსიტეტების დაფინანსებითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გაემგზავრნენ. ხელბურთის ჩემპიონატში ჯგუფურ ეტაპზე ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობს და B ჯგუფის ლიდერია სტუ-ის ხელბურთელთა გუნდი.
სტუ-ის ხელბურთელებმა პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის გუნდი 34:33 დაამარცხეს, პარიზის კრეტეის უნივერსიტეტს 38:21, ხოლო ლიტვის უნივერსიტეტის გუნდს 36:22 სძლიეს. სტუდენტ ხელბურთელებს ქვეჯგუფში ესპანური მალაგასა და ჰოლანდიური ნაიმეგენის უნივერსიტეტების გუნდებთან აქვთ სათამაშო. ხელბურთელთა ტურირზე ჯამში 12 გუნდი იღებს მონაწილეობას.
შედეგებიდან გამომდინარე, ქართველ ხელბურთელებს ფინალში მოხვედრის ძალზე რეალური შანსი აქვთ.
რაც შეეხება ფუტზალის ტურნირს, ტუნრირზე მოთამაშე თსუ-ის გუნდს ჯერჯერობით 1 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს და A ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ქართველმა ფუტზალელებმა პირველ ტურში კორდობას უნივერსიტეტი 6:5 დაამარცხეს, მე-2 ტურში კი მოულოდნელად ფინეთის იავასკილას უნივერსიტეთან 0:1 დათმეს, ამ გუნდების გარდა A ჯგუფში ლიტვის უნივერსიტეტი თამაშობს, სულ კი ფუტზალის ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობს.