ე.წ. აფხაზური ეპარქიის ე.წ. ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ უძველეს დროში აფხაზები, ქართველები და სომხები ერთი ანბანით სარგებლობდნენ.
"მართლმადიდებლობას აფხაზეთში უძველესი დროიდან უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა და სწორედ მართლმადიდებლობასთანაა დაკავშირებული ჩვენი დამწერლობაც. უძველესი აფხაზებიც იმავე ანბანით სარგებლობდნენ, რომლითაც დღეს სომხები და ქართველები სარგებლობენ, უბრალოდ, ოსმანური მბრძანებლობის დროს, როდესაც თურქები უფრო მკაცრად აკონტროლებდნენ ზღვისპირეთს, ჩვენ ეს ანბანი დავკარგეთ, ხოლო სომხებმა და ქართველებმა შეინარჩუნეს და მისით სარგებლობა გააგრძელეს, იმიტომ, რომ ტერიტორიის სიღრმეში ცხოვრობდნენ", _ აცხადებს ბესარიონ აპლია. ეს განცხადება აპლიამ ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "რელიგიის შესახებ" ახალ კანონში შესაძლო ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა.
როგორც ჩანს, აპლიამ ქართულ ასომთავრულსა და თანამედროვე სომხურ ანბანს შორის გრაფიკული მსგავსება დაინახა და ისინი ერთსა და იმავე ანბანად მიიჩნია.
რაც შეეხება აფხაზური ანბანს, პირველი აფხაზური ანბანი, რომელიც 1862 წელს სლავურ-კირილური დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავა ბარონმა პეტერ ფონ უსლარმა, 37 ასო-ნიშნისაგან შედგებოდა, მაგრამ 1905 წლიდან გრაფიკული ნიშნების რაოდენობა 55 ასომდე გაზარდეს. მოგვიანებით ნიკო მარი შეეცადა კიდევ უფრო სრულეყო ეს დამწერლობა და მან ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შექმნა კიდევ ერთი, ახალი ნაირსახეობა, რომელიც ამჯერად 75 ასო-ნიშანს მოიცავდა. ლათინურ ანბანს აფხაზები 1926-იდან 1928-წლამდე გამოიყენებდნენ.
1937 წელს ქართული ანბანის საფუძველზე შემოიღეს აფხაზური დამწერლობა, მაგრამ ქართველებისგან დისტანცირების სურვილის გამო აფხაზები 1954 წელს ისევ კირილიცას ვარიანტს დაუბრუნდნენ.