ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რუსეთის მხრიდან ე.წ. ოსების გენოციდის აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთს ამის დამტკიცება, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ძალიან გაუჭირდება. მეტიც: არეშიძის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შედგენილ აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოფიციალურ ნუსხაში მრავალი ისეთი ადამიანია შეტანილი, რომელიც ცნობილ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალნენ.
"პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, რუსეთის დუმას არ გაუჭირდება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ დამტკიცება ამისი მათ ძალიან გაუჭირდებათ, თავად რუსეთის შიგნითაც კი, რომ აღარაფერი ვთქვა უცხოეთზე", _ აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" ოსი სეპარატისტევის მიერ დღეს წამოყენებული ინიციტივის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, ისინი აპირებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის დუმას მიმართონ და საქართველოს მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდის აღიარება სთხოვონ.
"რასაკვირველია, პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, რუსეთის დუმას არ გაუჭირდება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ დამტკიცება ამისა თავად რუსეთის შიგნითაც ძალიან გაუჭირდება, იმიტომ, რომ რუსეთის პროკურატურის კომისიამ, რომელიც ბასტირკინის ხელმძღვანელობით მუშაობდა, ამ საკითხზე მხოლოდ 200-მდე გარდაცვლილი დააფიქსირა. 200-მდე გარდაცვლილი კი გენოციდი არ არის. აქ შეიძლება ეთნოწმენდის ნიშნები გამოინახოს, მაგრამ გენოციდი ეს არავითარ შემთხვევაში არ არის", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ "გაუჭირდებათ მათ ამის დამტკიცება თავად რუსეთში, უკვე რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოეთზე, თორემ სურვილი შეიძლება ჰქონდეთ და მოახდინონ კიდევ ამისი ინსპირირება".
არეშიძე ასევე აცხადებს, რომ ამ 200- მდე მიცვალებულშიც კი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაითვალა და რომელთა ზუსტი რაოდენობა დაახლოებით 170 ადამიანია, ყველა აგვისტოს ომის დროს არ გარდაცვლილა.
"რაც შეეხება ამ 200 მიცვალებულს, მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ გაცხადებულ 200-მდე მიცვალებულში, რომელთა ზუსტი რაოდენობა 170-მდე, არის შედიან: ე.წ. მოხალისეები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ გარდაცვლილი. ამის შესახებ უტყუარი ინფორმაცია მქონდა, მაქვს კიდეც, რომ აქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც ადრე იყო გარდაცვლილი, მათ შორის, მაგალითად, ვლადიმერ ქელეხსაევი, რომელიც გარდაიცვალა მომხდარ ფაქტამდე 8 თვით ადრე ტვინის სიმსივნით და იგი ამ ნუსხაში იყო შესული, ყოველ შემთხვევაში, სახელი, გვარი მამის სახელი და მისამართი ემთხვეოდა - ანუ ეს რიცხვიც კი არ არის მთლიანად მართალი", _ აცხადებს არეშიძე ამ საკითხზე რუსი ექსპერტის მოდესტ კოლეროვის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გენოციდის აღიარებისთვის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და ეს "საქმე საკმაოდ პერსპექტიულია, მით უფრო, რომ ეს საკითხი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს კარგად აქვს შესწავლილი".
"კოლეროვს ვეთანხმები ერთ ნაწილში, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ბევრად ნაკლები დაღუპული იყო, მაგრამ შეფასება ასეთი ყოფილა. ეს ეხება იუგოსლავიაში მიმიდინარე სამოქალაქო ომს და ბოსნიელების მასობრივ სამარხებს. იქ ერთ-ერთ მათგანში 10-ზე ნაკლები მიცვალებული იყო, მაგრამ შეფასდა, როგორც გენოციდის ნიმუში. ერთია ის, რომ პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, რუსეთს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, მაგ ეს კონკრეტული ფაქტი, ბოსნიელი მუსულმანების დახოცვა, არ შეფასდებოდა გენოციდად, რომ არა საერთო ფონი მიმდინარე პროცესებისა. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ომი ბევრად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა, უამრავი დაღუპული იყო და უამრავი ამ ტიპის სამარხი იყო. გარდა ამისა, იქ იყო მასობრივი დახვრეტა", _ აცხადებს არეშიდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონში კი საქმე გვაქვს საბრძოლო ვითარების დროს დაღუპულ ადამიანებთან.
"ზოგი დაბომბვის დროს დაიღუპა, ზოგი სროლების დროს, ზოგი ბრძოლის დროს. მშვიდობიანი მოსახლეობა ნამდვილად იყო დაღუპული ცხინვალში, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ამას არ ჰქონდა გამიზნული ლიკვიდაციის ფორმა, იმ ფონზე, როდესაც იყო უამრავი შემთხვევა ეთნოწმენდისა და ქართველების გამოდევნისა და, რაც მთავარია, ქართველების პირდაპირი დახოცვისა, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისა",_ აცხადებს არეშიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაიწყო მოძრაობა, რომელიც რუსეთისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებულ ე.წ. გენოციდის აღიარების თხოვნას ისახავს მიზნად. კერძოდ, ოსი სეპარატისტები გეგმავენ, შეიმუშაონ მიმართვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის დუმისადმი, რომელშიც იქნება თხოვნა - რუსეთის ფედერაციამ "საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი აღიაროს".