ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაიწყო მოძრაობა, რომელიც რუსეთისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებული ე.წ. გენოციდის აღიარებას თხოვნას ისახავს მიზნად. კერძოდ, ოსი სეპარატისტები გეგმავენ შეიმუშავოს მიმართვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის დუმისადმი, რომელშიც იქნება თხოვნა - რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი აღიაროს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული პარტიები ამისათვის პარტიათაშორისი ყრილობის მოწვევას გეგმავენ, რომელზეც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული რუსეთისადმი მიმართვა იქნება განხილული. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი "სახალხო" პარტიის ლიდერი როლანდ ქელეხსაევი აცხადებს, რომ მისი მიზანი პარტიათაშორისი ყრილობის მოწყობა და საბჭოს დაფუძნებაა, რომელიც "გასული საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში განხორციელებული ოსების გენოციდის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას დაიწყებს და საბოლოო ჯამში ოსი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დუმას მიმართავს".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი იური ძიცოითი აცხადებს, რომ როლანდ ქელეხსაევის ინიციატივამ თითქმის 6 წლით დაიგვიანა. მისი თქმით "2006 წელს სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო რიგი მსგავსი დოკუმენტებისა, რომლებშიც აღიარებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1920 და 1989-92 წლებში ოსი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის ფაქტები.
ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა ეს დოკუმენტები აღიარა, რუსეთის პარლამენტმა კი სპეციალური დოკუმენტი არ მიიღო, თუმცა რუსეთის დუმაში ეს საკითხი გახმოვანებული უკვე იყო".
თუმცა, სეპარატისტები ასევე აღნიშნავენ, რომ 2006 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა როგორც თავად ცხინვალის რეგიონში ისე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში, ამიტომაც "ამ საკითხის დაყენება ახლა არც თუ ისე გვიანი და უპერსპექტივოა".
მთლიანობაში რუს ექსპერტთა საზოგადოება ერთის მხრივ მიიჩნევს, რომ ამ მიმართვების განხორციელება პერსპექტიულია ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი პროცედურული თვალსაზრისით ყველაფერს ძალიან ცუდად აკეთებენ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არაერთგზის მოხსნა დღის წესრიგიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთელების სარჩელები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში დაზარალდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში "რესპუბლიკის" მიერ დაქირავებულმა ადვოკატებმა სასამართლოს ოფიციალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად თავი არ შეიწუხეს.