აფხაზი სეპარატისტები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" მიღებული რეზოლუციით "უკიდურეს სინანულს" გამოხატავენ. ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას "არაობიექტურს" და "ანგაჟირებულს" უწოდებენ. რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნემისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტის მიღება სიტუაციის რელიურ მდგომარეობას უნდა ეფუძნებოდეს.
"აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც გაეროს ექვსი წევრის მიერ არის აღიარებული. ამიტომაც "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" უპირობო მხარდაჭერა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ იმ პოლიტიკური რეალობის იგნორირებაა რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენება თბილისის "მანიაკალური მისწრაფებაა" და სხვა არაფერი.
ამას გარდა, სეპარატისტები ასევე იურიდიულად უსაფუძვლოდ მიიჩნევენ რეზოლუციაში არსებულ მოწოდებას დაშვებულ იქნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღნიშნავენ, რომ ეს მოწოდება მედვედევი-სარკოზის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია აფხაზური და ოსური მხარის ინტერესებს არ გამოხატავს და მხოლოდ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს ემყარება", _ წერენ სეპარატისტენბი და აღნიშნავენ , რომ "ეუთოს პარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არაობიექტური და ანგაჟირებულია და ასამბლეის მიერ საქართველოს უპირობო მხარდაჭერა ამ უკასკნელს მომავალი პროვოკაციული მოქმედებებისაკენ უბიძგებს", _ნათქვამი სეპარატისტების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც. დოკუმენტი პოლონელი დეპუტატის მიხალ შერბოის მიერ იყო მომზადებული. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რეზოლუციის პროექტი ეუთოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მოიწონა.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გამოხატულია შეშფოთება "როგორც საქართველოს ტეროიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა (საქართველო ) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მყოფი პირების ჰუმანიტარული მდგომარების ირგვლივ და ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების მათთვის უარის თქმის გამო".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა მხარეს "დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და სრულყოფილად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ ევროკავშირის შუამავლობითაა გაფორმებული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ამ მისიის შეუფარხებელი მისაწვდომობა უზრუნველყონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.