რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც ქვეყნის უშიშროების საბჭომ 2000 წლის სამხედრო დოქტრინის სანაცვლოდ მოამზადა, ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო დოქტრინის გამოქვეყნებას ახალი წლის პირველსავე დღეებში აპირებდა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დოკუმენტის გამოქვეყნების დაყოვნება გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების პოზიციამ, რათა ხელი არ შეეშალოს მოლაპარაკებებს აშშ-სთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.
რუსეთის ტრადიციის მიხედვით, ქვეყნის სამხედრო დოქტრინა წარმოადგენს იდეოლოგიურ პროგრამულ დოკუმენტს. მასზე მუშაობა ბოლო 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ მხოლოდ შარშან დასრულდა. დოკუმენტში აღწერილია შესაძლო საფრთხეები და მათზე რეაგირების მეთოდები. ისევე როგორც 2000 წელს მიღებულ დოკუიმენტში ახალი სამხედრო დოქტრინის პროექტშიც გათვალისწინებულია რუსეთის მიერ პირველი ბირთვული იერიშის განხორციელების შესაძლებლობა მასზე ან მის მოკავშირეებზე თავდასხმის შემთხვევაში თუ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება სახელმწიფოს არსებობა.
დოქტრინაში არაფერია ნათქვამი ჯარში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, თუმცა მასში ასახულია მოთხოვნები რუსეთის სამხედრო სარეწველო კომპლექსის მიმართ. შამხედრო სამრეწვლო კომპლექსმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ქარხნებში სამხედრო ტექნიკისათვის აუცილებელი მაკომპლექტებლების წარმოება. შეიარაღების ახალი სისტემები უნდა იყოს მრავალფუნქციური და მისი გამოყენება უნდა შეეძლოს როგორც საჰაერო ასევე საზღვაო და სახმელეთო სამხედრო შენაერთებს.
ამავე დროს სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა სტრუქტურებისთვის უნდა იყოს უნიფიცირებული.
ექსპერტები აცხადებენ, რომ დოქტრინა აშშ-სთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების გაფორმებამდე არ დამტკიცდება, რადგან ნებისმიერმა გამაღიზიანებელმა ფაქტორმა შესაძლოა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.