28 აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამარის მახლობლად მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის განცხადებით, ქარხნის ერთ-ერთს დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო.
ხანძრის ფართობი 20 კვადრატული მეტრია, მის ჩაქრობაში 21 ადამიანი და 8 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
„ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება ქარხანაში არსებული ხანძრის ფოტოები. უკრაინულმა დრონებმა აფიპსკის ქარხანას 7 აგვისტოსაც შეუტიეს.
ამასთან, ვრცელდება სამარასთან ახლოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ფოტოები და ვიდეოები.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარდა, დრონებით სამარის რეგიონში კრიაჟის რკინიგზის სადგურსაც დაესხნენ თავს. კუიბიშევის რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად ამ სადგურის ტერიტორიაზე საკონტაქტო ქსელის ფუნქციონირება შეფერხდა, რამაც სამი მატარებლის რეისის გაუქმება და კიდევ 10 რეისის გადადება გამოიწვია.