ოსი სეპარატისტები აღშფოთებას ვერ მალავენ იმ ფაქტით, რომ რუსულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუციის კენჭისყრისას რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა. მან - თავი შეიკავა.
ექსპერტი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ინალ ფლიევი აცხადებს, რომ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ეს მოქმედება ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ამ რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
ექსპერტი ფლიევი ამ ფაქტით, შეშფოთებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციამ, რომელსაც დუმის დეპუტატი ნიკოლაი კოვალიოვი ხელმძღვანელობდა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა და მხოლოდ თავი შეიაკავა.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფაქტი რეზონანსული განხილვის საგანი უნდა გახდეს", _ აცხადებს ფლიევი.
"ჩემთვის მიუღებელია კოვალიოვის "ახსნა-განმარტებები", იმის შესახებ, რომ "რეზოლუციაში არის გონივრული რაღაცეები, რის წინააღმდეგაც ხმის მიცემა მიზანშეწონილი არ არის". არავითარი "რაღაცეები" არ შეიძლება იყოს "გონივრული", თუკი ისინი სამშობლოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, მის ავტორიტეტს აზიანებს და მას "ოკუპანტის" მდგომარეობაში აყენებს", _ აცხადებს ექსპერტი.
ამას გარდა, რუსული დელეგაციის საქციელით ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. მედიაცენტრის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა.
"თუ რუსეთის დელეგაციამ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მართლაც არ მისცა ხმა სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, ეს უცნაურზე ცოტა მეტია, იმიტომ, რომ რუსეთმა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ნათლად გამოხადა დამოკიდებულება ჩვენი რესპუბლიკის მიმართ", _ განაცხადა ირინა გაგლოევამ და აღნიშნა, რომ ბოლომდე გაუგებარია რუსული დელეგაციის საქციელი იქ სადაც ანტირუსული რეზოლუცია იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც. დოკუმენტი პოლონელი დეპუტატის მიხალ შერბოის მიერ იყო მომზადებული. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რეზოლუციის პროექტი ეუთოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მოიწონა.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გამოხატულია შეშფოთება "როგორც საქართველოს ტეროიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა (საქართველო ) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მყოფი პირების ჰუმანიტარული მდგომარების ირგვლივ და ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების მათთვის უარის თქმის გამო".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა მხარეს "დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და სრულყოფილად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ ევროკავშირის შუამავლობითაა გაფორმებული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ამ მისიის შეუფარხებელი მისაწვდომობა უზრუნველყონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.