ოსი სეპარატისტები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" მიღებული რეზოლუციით უკმაყოფილებას გამოხატავენ. რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთოს პარლამენტართა პოზიციამ, რომლებმაც ამ რეზოლუციის მიღებით საქართველოს დაუჭირეს მხარი "რბილად რომ ვთქვათ - გაოცება" გამოიწვია.
მათი განცხადებით ეუთოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს ერების ერთობა, რომლებიც თავიანთ თვითმყოფადობასა და ეროვნულობას ინარჩუნებენ წესად ინდა იქცეს დაუყოვნებლივი და ეფექტური უარყოფა ძალადობის ნებისმიერი გამოვლენისა, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებს უქმნის საფრთხეს.
განცხადებაში სეპარატისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ეუთოს დღემდე "რეალური და შესაბამისი შეფასება არ მიუცია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისათვის და საკუთარი მისიის მოქმედებისათვის საქართველოში, რომელსაც საკუთარი მანდატის შესრულება არ შეეძლო და ამიტომაც მან ასევე ვერ შეძლო "შეიარაღებული აგრესიის შეჩერება".
"მათ ასევე არ გაითვალისწინეს ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა და რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები დაეგმოთ, ეუთოს ზოგი ქვეყანა სამხედრო დახმარებას უწევს საქართველოს",_წერენ სეპარატისტები ასევე აღნიშნავენ, რომ რაც შეეხება ტერმინს "ოკუპირებული ტერიტორიები - ოსურ მხარეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში გამართულ დისკუსიებში არაერთგზის დაუდასტურებია, რომ ამ ტერმინს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზებთან საერთო არაფერი არ აქვთ",_ წერენ სეპარატისტები.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც. დოკუმენტი პოლონელი დეპუტატის მიხალ შერბოის მიერ იყო მომზადებული. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რეზოლუციის პროექტი ეუთოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მოიწონა.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გამოხატულია შეშფოთება "როგორც საქართველოს ტეროიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა (საქართველო ) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მყოფი პირების ჰუმანიტარული მდგომარების ირგვლივ და ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების მათთვის უარის თქმის გამო".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა მხარეს "დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და სრულყოფილად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ ევროკავშირის შუამავლობითაა გაფორმებული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ამ მისიის შეუფარხებელი მისაწვდომობა უზრუნველყონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.