საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხინვალს სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივ ბიზნესსაქმიანობას სთავაზობს. აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.
შესაბამის დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, აუცილებელი სამართლებრივი და ლოგისტიკური პირობების შექმნის გზით ხელი შეუწყოს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას, რაც მათთვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის, როგორც ბაზარს, ისე საქონელს.
ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებს სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და აგრო-ბიზნესის პროდუქტიულობის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობის წინადადებითაც მიმართავს.
გარდა ამისა, ქართული მხარე მზადაა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონები, მათ შორის ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური და /ან სხვა სახის ზონები, რომელთა მოქმედების არეალიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გავრცელდება.
ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგიაში ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივი ბიზნეს-აქტივობების განსხორციელებასაც სთავაზობს და ამისთვის საჭირო პირობების შექმნაზეც თანახმაა.
გარდა ამისა, თბილისი აფხაზეთსა და ცხინვალს "უპირველეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო სექტორში პროდუქციის შენახვაზე, გადამუშავებასა და დაფასოებაზე ორიენტირებული საწარმოების აშენებაშიც" ჰპირდება დახმარებას.
საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოს, დონორთა და კერძო ინვესტორების მონაწილეობით, მიზნობრივი ფონდების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.