სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს სინანულს გამოთქვამს გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ.
სეპარატისტების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ "აფხაზეთის წარმომადგენლები გაეროში გამართულ ამ სესიაზე კვლავ არ დაპატიჟეს, იმისათვის რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ამ რეზოლუციის განხილვაში.
ეს, - სეპარატისტების თქმით, "დოკუმენტს არაობიექტურს ხდის, ვინაიდან იგი ბაზირდება ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოს ერთი მხარის მიერ იყო წარმოდგენილი".
"აფხაზურ მხარეს აქვს დამაჯერებელი არგუმენტები ამ რეზოლუციაში განხილულ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართული კენჭისყრის დროს",_ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან ერთად, სეპარატისტები აღნიშნავენ, რომ "რეზოლუცია მთლიანობაში არ შეესაბამება გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური მდივნის ანგარიშს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა.
ამას გარდა, სეპარატისტები ასევე სინანულს გამოხატავენ რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებტან დაკავშირებით: "მათ შორის შემთხვევით მოხვდნენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც როგორც ჩანს ვერ გააცნობიერეს, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობენ.
"აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა რაც უცილობლად მკვეთრად აკნინებს ამ დოკუმენტის პოლიტიკური ლეგიტიმურობას, რომელსაც ყველაფერთან ერთად სარეკომენდაციო ხასიათი აქვს", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ "გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ ანგაჟირებული და ცალმხრივი რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვნას გართულებს ჟენევის მოლაპარაკებათა მიმდინარეობას. აფხაზური მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე ვერც დევნილების პრობლემა გადაწყდება და ვერც ერთი სხვა საკითხი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ეხება. აფხაზეთის ზურგსუკან მიღებული რეზოლუცია შეუძლებელია განიხილებოდეს, როგორც სერიოზული პოლიტიკური დოკუმენტი", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც ნიუ-იორკში მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების უფლების შესახებ.
2011 წელთან შედარებით ამ დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა.
ტუვალუ და ვანუატუ, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებლობას, იმ 60 სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქართული რეზოლუციის პრექტს დაუჭირეს მხარი.
რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა სიაში კი რუსეთთან ერთად აღმოჩნდნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, სუდანი, ზიმბაბვე, სირია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, სერბეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.
"ქ.ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ".
გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას.
"რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით, არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმ ჰუმანიტარული კატასტროფის მზარდ გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად შეიქმნა.