სახელმწიფოს მიერ 50 %-იანი თანადაფინანსება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს შეეხება.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელთა თანადაფინანსება ახალ სადაზღვევო პაკეტში იქნება გათვალისწინებული.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მედიკამენტების ნუსხის ჩამოყალიბება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო ნაწილობრივ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს დააფინანსებს", - განაცხადა კვიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც ამიერიდან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩაერთვება, ახალ დასაზღვევო პაკეტს მიიღებს. ახალი პაკეტით სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების 50 %-იანი თანადაფინანსება იქნება გათვალისწინებული.