ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღის აგორების ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს.
"კონკრეტული ნიშნები, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის ახალი ტალღა დაიწყოს, ამ ეტაპზე არ ჩანს. ახლა მსოფლიო პოსტკრიზისულ ეტაპზეა, თუმცა რისკები ყოველთვის არსებობს", - ასე ეხმაურება ბაინდურაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღის გამოცხადება შესაძლოა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხდეს, რომელიც შვეიცარიაში დღეს იხსნება.
ამასთან, მისი განმარტებით, "თუკი მსოფლიო კვლავ ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ეს საქართველოზეც აისახება".
"ჩვენ მსოფლიო ეკონომიკაში მთლიანად ინტეგრირებული ვართ. შესაბამისად, თუკი კრიზისი ისევ დაიწყება, ეს საქართველოსაც შეეხება, თუმცა ჯერჯერობით ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს", - განმარტა ბაინდურაშვილმა.