ესპანეთის ნაკრებმა ევრო-2012-ზე თავისი საუკეთესო თამაში მაშინ აჩვენა, როცა მას ყველაზე დიდი ფასი ჰქონდა. ნაკრების გუნდების მონაწილეობით გამართული დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალის ასეთი საგრძნობი უპირატესობით (აქ მხოლოდ ანგარიშს არ ვგულისხმობთ) მოგება, იშვიათად რომ ვინმემ გაიხსენოს. არნახული შედეგი სახეზეა - ზედიზედ 3 ტურნირის (ევრო-2008, 2010-ის მუნდიალი და ახლა ევრო-2012) მოგება დღემდე ვერცერთი ქვეყნის ნაკრებმა ვერ მოახერხა. ესპანეთი ამ მხრივ პირველია.
„ლა ფურია როხამ" შანსი არ დაუტოვა „სკუადრა აძურას". იტალიელებს ფინალში პრაქტიკულად არაფერი გამოუვიდათ, შესაძლოა, იღბალმაც უმტყუნათ, სადღაც მეტოქეც არ აძლევდათ ჩვეულ სტილში თამაშის საშუალებას. მოკლედ, ევროპას ისევ ძველი და ალალად ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.
არადა, მატჩი იტალიამ უფრო აქტიურად დაიწყო და ყველა გერმანიასთან აძურელთაგან დაწყებული აღმასვლის გაგრძელების მოლოდინში იყო. შესაძლოა ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილებს რაღაც გამოსვლოდათ კიდეც, რომ არა მე-14 წუთზე ინიესტას დაწყებული, ფაბრეგასის გაგრძელებული და დავიდ სილვას დასრულებული სწრაფი კომბინაცია - 1:0.
ცოტა ხანში, აპენინელთა თავკაცს იძულებითი ცვლილების შესრულება მოუწია - ტრავმირებული კიელინი მინდორს ტოვებს. ესპანეთი მისთვის უჩვეულოდ თამაშობს - მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალებას აძლევს, თავად კი, იმის მიუხედავად, რომ მინდორზე გამოკვეთილი ფორვარდი არ ჰყავს, ბუფონს ხშირად აწუხებს.
ყოველივემ შესვენებამდე კიდევ ერთხელ გამოიღო შედეგი. პირენელებმა სწრაფი, სამაგალითო კონტრშეტევა განახორციელეს. მარცხენა მცველმა ხორდი ალბამ ჩავის უპასა, თავად კი მეტოქის კარისკენ განაგრძო სირბილი. პარტნიორი მიუხვდა ჩანაფიქრს და ზუსტი პასით ბუფონთან პირისპირ შეატოვა 23 წლის მცველი - 2:0.
მეორე ტაიმში კასანოს ნაცვლად მინდორზე შესულმა დი ნატალემ ცოტათი გამოაცოცხლა იტალიელთა თამაში, მაგრამ მხოლოდ გამოაცოცხლა. ოფსაიდის ზღვარზე მოთამაშე ვეტერანს 51-ე წუთზე შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ კასილიასმა მოუგერია. აქედან ათიოდე წუთში, მინდორზე ცოტა ხნის შესულმა ტიაგო მოტამ კუნთი დაიზიანა და თამაში ვეღარ გააგრძელა - იტალია კაცნაკლული დარჩა.
75-ე წუთზე დელ ბოსკე ტორესს რთავს თამაშში და რომ იტყვიან „მიზანში არტყამს". მალე „ელ ნინიო" ჩავის უზადო გადაცემას გოლად აქცევს. ცოტა ხანში მწვრთნელი ლონდონის „ჩელსის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ხუან მატას აძლევს სათამაშოდ ჩემპიონატის პირველ და უკანასკნელ 3 წუთს და ისიც უმართლებს. გამოსვლიდან რამდენიმე წამში მატა ტორესისაგან „ლანგარზე მირთმეულ" პასს იღებს და იტალიის მარცხი ფინალისთვის შეუფერებელი ხდება - 4:0.
ფერნანდო ტორესი თითქოსდა ნაწყენი ჩანდა, რომ დელ ბოსკე მას ასე ცოტა სათამაშო დროს აძლევდა დასრულებულ ჩემპიონატზე. თუმცა, ბედის ირონიით, თუ „მზაკვრული" გათვლებით, მწვრთნელი რომ ასე არ მოქცეულიყო, „ელ ნინიო" ალბათ ევრო-2012-ის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცს" ვერ მიიღებდა. ახალი დებულებით ხომ, გოლების თანაბარი ოდენობის გატანის შემთხვევაში, უპირატესობა მინდორზე უფრო ცოტა ხნით მყოფ ფეხბურთელს ენიჭება. ჰოდა, რუსეთის ნაკრების ნახევარმცველმა ალან ძაგოევმა 3 გოლი 253 წუთში გაიტანა, ტორესმა კი 189-ში. სწორედ ამის ხარჯზე დაისაკუთრა ესპანელთა „უიღბლო" ფორვარდმა „ოქროს ბუცი".
ესპანეთი - იტალია 4:0 (2:0)
კიევი. 1 ივლისი, 2012. „ოლიმპიური". 63170 მაყურებელი. 22:45
ესპანეთი (4-3-1-2): კასილიასი, არბელოა, პიკე, რამოსი, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, დავიდ სილვა (პედრო როდრიგესი, 59), ფაბრეგასი (ტორესი, 75), ინიესტა (მატა, 87).
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
იტალია (4-1-3-2): ბუფონი, აბატე, კიელინი (ბალცარეტი, 21), ბარძალი, ბონუჩი, პირლო, მარკიზიო, დე როსი, მონტოლივო (მოტა, 56), ბალოტელი, კასანო (დი ნატალე, 46).
მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გაფრთხილებები: პიკე (25), ბარძალი (45).
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (14), 2:0 ალბა (41), 3:0 ტორესი (84), 4:0 მატა (88).
მსაჯები: პედრო პროენსა; ბერტინო მირანდა, რიკარდუ სანტუში; მანუელ დე სოუზა, დუარტე გომეში (ყველა პორტუგალია); ჯიუნეით ჩაკირი (თურქეთი).
დარტყმა 12 (7)-10 (5); ჯარიმა 17-10; კუთხური 3-3; თამაშგარე 3-3; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 7-3.