დღეს, 1-ელ ივლისს, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს შორის EURO-2012-ის ფინალური მატჩი გაიმართება.
EURO-2012-ის ფინალს პრეზიდენტების დონეზე საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება.
კიევში დაგეგმილ EURO-2012-ის ფინალს უკრაინის, საქართველოს, პოლონეთის, რუსეთის, ბელორუსის, მოლდოვას, ტაჯიკეთისა და სომხეთის პრეზიდენტები დაესწრებიან.
მატჩს ასევე დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი და ესპანეთის ტახტის მემკვიდრე და პრინცესა.
EURO-2012-ზე დასწრება 330 ევროდაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალზე დასწრების სურვილი ბევრს აქვს, ამ დროისათვის ფინალზე დასასწრები მხოლოდ 2000 ბილეთია დარჩენილი.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, გასაყიდად დარჩენილია მხოლოდ მეორე კლასის ბილეთები, რომელთა ღირებულებაც 330 ევროა. რაც შეეხება პირველი და მესამე კლასის ბილეთებს ისინი სრულადაა გაყიდული. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კლასის ბილეთის ღირებულება 50 ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ EURO-2012-ის ფინალი 1-ელ ივლისს, 21:45 საათზე გაიმართება. იტალია-ესპანეთის მატჩს პორტუგალიელი პედრო პროენსა უმსაჯებს.