2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან.
უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენდა სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება.
ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი,ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა.