"საქართველომ - უნდა აღიაროს აფხაზეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღება საქართველოსა და აფხაზეთის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ ვინც მიიღო გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ. უნდა ჩატარდეს ღია სასამართლო მოსმენები ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებულ იქნას სასამართლო გადაწყვეტილება. უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. უნდა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან და ხელი უნდა მოაწეროს მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ", _ ეს აფხაზი ექსპერტის ბესლან კობახიას აზრით საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების აუცილებელი პირობებია.
კობახია ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს აფხაზურ მედიაში სახელწოდებით: "აფხაზეთისა და საქართველოს ხალხების მომავალი ურთიერთობების შესახებ" და აცხადებს, რომ ყველა სხვა გადაწყვეტილება ეს - ახალი ომია.
"მომავალს იმედით ვუყურებ და მიმაჩნია, რომ ყველა საკითხი ჩვენს ხალხებს შორის გადაწყვეტას ექვემდებარება. უბრალოდ, ამ პროცესს ახალი იმპულსი უნდა მივცეთ და მაშინ მოვლენები ძალიან მიზანმიმართულ განვითარებას დაიწყებს", _ წერს თავის სტატიაში აფხაზი ექსპერტი ბესლან კობახია და საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პრობლემების მოგვარების თავისეულ ხედვას წარმოაჩენს და კონფლიქტის მოგვარებისათვს აუცილებელ ექვს პუნქტს ასახელებს
"დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები აუცილებლად გამოსწორდება. აფხაზეთსა და საქართველოს ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აქვს, რომელიც ისტორიის სხვა და სხვა პერიოდში სხვადასხვაგვარი იყო.
იყო პერიოდები (და არაერთი), როდესაც აფხაზეთი და საქართველო ერთ სახელმწიფოში იყვნენ ისევე როგორც იყო პერიოდები, როდესაც ისინი დამოუკიდებელი იყვნენ ერთმანეთისგან.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ ყველაზე ახლო მეზობლები მთელი ისტორიის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გავლენა ჩვენი ხალხებისა ერთმანეთზე. უკვე აღარც ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენში ძალიან ბევრია შერეული ოჯახი და საერთო ნათესავი", _ აცხადებს კობახია და აღნიშნავს: "მეტსაც ვიტყვი, მრავალ აფხაზსა და ქართველს აკავშირებდა და ახლაც აკავშირებით უდიდესი ადამიანური მეგობრობა, რომელიც ჩვენს შორის მომხდარმა ომმაც კი ვერ გახლიჩა. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენს მომავალს, რომელშიც ნორმალურ ადამიანულ ურთიერთობებთან დაბრუნებას ვგულისხმობ".
კობახია ტავის სტატიაში თავად პასუხობს კითხვას თუ რის საფუძველზე უნდა ააშენონ ეს ურთიერთობები საქართველომ და აფხაზეთმა?
"ძველი მსოფლიო დანგრეულია, ახალი კი ჯერაც აშენებული არ არის. და იმისგან თუ რას მოვიმოქმედებთ ჩვენ დღეს, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ხვალ და რამდენად მალე შევძლებთ ჩვენ ყველა იმ სიკეთის აღდგენას რომელიც ჩვენს შორის არსებობდა.
დღეს 20 წლის შემდეგ 21-ე საუკუნეში, როდესაც უკვე გაიზარდა ადამიანების ახალი თაობა, ჩვენ ვერაფრით ვერ გამოვდივართ ჩვენი ურთიერთობების ტრაგიკული მოვლენებიდან რომელიც მე 20 საუკუნის ბოლოს მოხდა. ალბათ მოვიდა დრო დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების მშენებლობა ახალი რეალობების გათვალისწინებით. იმისათვის რომ ომი უკან მოვიტოვოთ მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ის, ჩემი აზრით ქართულმა მხარემ უნდა გაკვალოს", _ წერს აფხაზი ავტორი და აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ ბოლო 20 წლის განმავლობაში იკვეთებოდა მრავალრიცხოვანი და რთულად განსახორციელებელი პროექტები, რომელიც შექმნილ სიტუაციას და მისგან გამოსავლის მოძებნას ეძღვნებოდა. იყო "ბოდენის გეგმაც" და მრავალი სხვა პროექტი, რომლებიც განუხორციელებელი დარჩა, "თუმცა მათი რელიზაცია კიდევ უფრო დიდ უბედურებამდე მიგვიყვანდა, ვინაიდან მათში ჩადებული იყო ნაღმები ჩვენი მომავალი ურთიერთობებისათვის. მეტიც, ყველა მათგანი დიდი თანხებზე გათვლილი და დროში გაწელილი იყო, თან გაუგებარი პერსპექტივით".
"20 წლის გასვლის შემდეგ აბსოლუტურად ცხადი ხდება, რომ მანამ ვიდრე ჩვენი ურთიერთობების საფუძველი თანასწორუფლებიანობა არ იქნება არაფერი არ გამოვა.
გავრისკავ და დარეგულირების ჩემს გეგმას წარვადგენ, რომელიც სულ 6 პუნქტისაგან შედგება, არ არის ხარჯვითი ფინანსური თვალსაზრისით, მალე რეალიზებადია დროში და მას შეუძლია აბსოლუტურად ეფექტური გახდეს თავისი შედეგებით.
აი, ჩემი აზრით რა უნდა გააკეთოს საქართველომ:
1) აღიაროს აფხაზეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღება საქართველოსა და აფხაზეთის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.
2) აღძრას სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ ვინც მიიღო გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე რომელიც 1992 წლის აგვისტოში ჩატარდა.
3) ჩატარდეს ღია სასამართლო მოსმენები ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებულ იქნას სასამართლო გადაწყვეტილება.
4) აღიარებულ იქნეს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
5) დამყარდეს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, ისევე როგორც მიღებულია მთელს მსოფლიოში.
6) ხელი მოეწეროს მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
რა თქმა უნდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ყველა პრობლემას ერთიანად ვერ გადაწყვიტავს, მაგრამ ის შეძლებს მთავარი ამოცანის შესრულებას - გახდე თანასწორუფლებიანი პარტნიორი და შეთანხმდე კიდეც როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი. შეთანხმება ხომ რაიმის შესახებ მხოლოდ თანასწორუფლებიანებს შეუძლიათ.
სწორედ ამ საკითხშია დაფარული ყველა გადაუჭრელი პრობლემის არსი. მიმაჩნია, რომ ძველი ხელისუფლების წასვლით, საქარველოში წავიდა წინა ეპოქაც - ორმაგი სტანდარტების, სიყალბის, სიცრუის, კორუფციისა და ყოველივე დანარჩენის ეპოქა, რაც თავად ქართველ ხალხს ღუპავდა", _ წერს კობახია.
თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცესი, სამწუხაროდ დასრულებული არ არის. არ შეცვლილა პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში და ეს დაუსრულებლობა და წარსულის ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოს ხალხის ცნობიერებას აყენებს განუზომელ ზიანს - ქმნის არასაჭირო ილუზიებს და არ აძლევს საშულებას "ჩვენს ხალხებს თავი დაანებონ ჩვენს ტრაგიკულ წარსულს".
"ჩვენ პრაგმატიზმის საუკუნეში ვცხოვრობთ და გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა გადახედო შენს პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში. უნდა დაასრულო ომი აფხაზეთთან, რომელიც გასულ საუკუნეში დაიწყო და უნდა დაიწყო ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობებისათვის პირობების შექმნა, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას და საშუალებას მოგვცემს ჩვენს ხალხებს შორის ახალი ურთიერთობების ფორმირებისა, რომელიც თავის მხრივ ურთიერთპატივისცემას წარმოშობს და ჩვენს ხალხებს შუღლს დააშორებს. ამ ამოცანის გადასაწყვეტად არის მხოლოდ ერთი გზა - აფხაზეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და თანასწორ პარტნიორად.
ხოლო მას შემდეგ რაც ყველა ზემოთნახსენები საკითხი გადაწყდება, ჩვენი ქვეყნები ძალიან სწრაფად დაიწყებენ განვითარებას. მრავცალი საკითხი, კი რომელიც დღეს გადაუწყვეტელად ჩანს თავის გადაწყვეტას ჰპოვებს, ვინაიდან პოლიტიკური სიბრტყიდან ჰუმანიტარულ სიბრტყეში გადავა. აფხაზეთის აღიარება საერთაშორისო პროცესის თანასწორუფლებიან პარტნიორად საშუალებას მისცემს აფხაზეთის ხელისუფლებას დაიწყოს ყველა საკითხის კონკრეტული გადაწყვეტა", _ წერს ბესლან კობახია და აღნიშმნავს, რომ ექვსი პუნქტის შესრულებით, საქართველოს პასუხისმგებლობა აფხაზეთის მიმართ არ ამოიწურება, მან პასუხი უნდა აგოს აფხაზეთის დანგრეულ ეკონომიკასა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე".
"და აფხაზეთიც, გახდება რა საერთაშორისო საზოგადოების თანასწოუფლებიანი წევრი რა თქმა უნდა თავის თავზე აიღებს ვალდებულებას საერთაშორისო წესების მიხედვით იმოქმედოს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოც ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია აფხაზეთის დანგრეულ ეკონომიკაზე, დანგრეულ საცხოვრებელ ფონდზე, დამწვარ შენობა-ნაგებობებზე, განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე და მრავალ სხვა რამეზე. ეს არ არის ერთჯერადი მნიშვნელობის საკითხები. მთავარია შეხვიდე საერთაშორისო თანამშრომლობის ნორმალურ პროცესში და ყველა პრობლემის გადაჭრა საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში თანასწორუფლებიან საფუძველზე დაიწყო. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ამ პროცესს ვერ ვიწყებთ, მაგრამ სხვანაირად ეს საკითხები არაფრით არ გადაწყდება. ყველა სხვა გადაწყვეტილება - ახალი ომია", _ აცხადებს კობახია და სტატიას დასაწისში ნათქვამი სიტყვებით ამთავრებს.
"მომავალს იმედით ვუყურებ და მიმაჩნია, რომ ყველა საკითხი ჩვენს ხალხებს შორის გადაწყვეტას ექვემდებარება. უბრალოდ, ამ პროცესს ახალი იმპულსი უნდა მივცეთ და მაშინ მოვლენები ძალიან მიზანმიმართულ განვითარებას დაიწყებს".