ის რაც აფხაზი სეპარატისტებისათვის "მომგებიანია" დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია "ასევე მომგებიანი" იყოს საქართველოსთვის. იმ პირობებში, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ თავის ავადმყოფ და სიკვდილის პირას მყოფ მოქალაქეებს სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლება ჩამოართვა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავც ჩირიკბა წინადადებით გამოდის და აცხადებს, რომ ელის იმ დროს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, სურვილს გამოთქვამს რომ ეს "ცვლილება" პრაგმატული ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ განხორციელდეს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოსა და აფხაზეთს "საშუალება ექნებოდა შეთანხმებამდე მისულიყვნენ" ხოლო პრაგმატული ადამიანები კი მიმხვდარიყვნენ თუ "რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მომგებიანი ყველასათვის".
"ჩვენ ღია ვართ დიალოგისათვის. დარწმუნებული ვარ სხვა პრეზიდენტით სათავეში, არა სააკაშვილით სათავეში საქართველოც სხვა იქნებოდა და ჩვენ საშუალება გვექნებოდა შეთანხმებამდე მივსულიყავით. ჩვენ უფრო პრაგმატული თანამოსაუბრე გვჭირდება, მაგალითად ისეთები, როგორიც არის ალასანია ან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლახანს შევიდა პოლიტიკაში. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და მას შეუძლია საკმარისად პრაგმატული იყოს იმისათვის, რომ მიხვდეს, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მომგებიანი ყველასათვის", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა "Limes"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "აფხაზეთი - როგორც კავკასიური კოსოვო".
სტატია, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან გამართულ საუბარს ეფუძნება. მასში ჩირიკბა ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ევროკავშირისაგან დახმარებას ელოდება, რომ შესაძლოა აფხაზეთის აღიარება სან-მარინომ გადაწყვიტოს და რომ იტალია მალე მიხვდება, რომ აფხაზეთის მდგომარეობა კოსოვოს ანალოგიურია.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტების მხრიდან კონკტეტულად ირაკლი ალასანიას პერსონაზე დადებით კონტექსტში საუბარი პირველი შემთხვევა არ არის. ალასანიასადმი დადებითი დამოკიდებულება სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არაერთგვის დაუფიქსირებია სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.
"ირაკლი ალასანიასთან საერთო ენას ვპოულობთ. გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებებსაც მივაღწიეთ. მის მიერ ჩამოტანილი წინადადებები, რომ შესრულებულიყო, გარწმუნებთ, აგვისტოს მოვლენები არ მოხდებოდა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის და საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს სულ სხვა ურთიერთობები იქნებოდა. ალასანია ეს ის ადამიანია, რომელთანაც აფხაზური მხარე დიალოგს ყოველთვის აწარმოებდა. ეს ის ადამიანია, რომელთანაც საუბარი შეიძლება. ალასანია არის განუზომლად კონსტრუქციული პარტნიორი, ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ და მასთან საერთო ენას ყოველთვის ვპოულობთ",_ აცხადებდა სერგეი შამბა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში 2008 წლის 3 დეკემბერს და აღნიშნავდა, რომ ალასანიასთან მოლაპარაკების შემდეგ, აფხაზურმა მხარემ შეძლო მოენახა გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც "კოდორის ხეობაში ქართული ჯარის შესვლის შემდეგ შეიქმნა".
ამას გარდა, იმავე ინტერვიუში სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სერგეი შამბა ჟურნალისტის კითხვაზე: იფიქრებს თუ არა აფხაზეთი საქართველოსთან ერთად ერთ სახელმწიფოში თანაარსებობაზე იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობაზე ირაკლი ალასანია დაინიშნება - სერგეი შამბა, ისე რომ იმ დროისათვის რუსეთის მიერ უკვე ოფიციალურად, შედარებით "ახლადაღიარებულ დამოუკიდებლობას" არც კი ახსენებს პასუხობს:
"ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მოვლენების გასწრებას გავს. ჯერ მოდით ირაკლი ალასანიას ვკითხოთ, სურს თუ არა მას რაიმე თანამდებობის დაკავება საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში. ისიც კი არ ვიცი თუ როგორ აისახება ჩემს მიერ ნათქვამი ყველაფერ ამაზე, ასე რომ მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", _ აცხადებდა მაშინ სერგეი შამბა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია თანამდებობას ტოვებდა.
ასევე ავღნიშნავთ, რომ აფხაზი სეპარატისტების პოზიცია უკვე მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება და მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თბილისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაელაპარაკებიან თუკი ეს უკანასკნელი აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" აღიარებს.
ამასთან ერთად, აფხაზი სეპარატისტები ასევე გამორიცხავენ ათასობით ქართველი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და ელიან თუ როდის დაიკავებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობას ირაკლი ალასანია და ახლა უკვე მასთან ერთად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.
ამ პირობებში ძნელი სათქმელია თუ რომელ შეთანხმებამდე მისვლას გულისხმობს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და რომელ "ყველასათვის მომგებიან გადაწყვეტილებაზე" საუბრობს როდესაც აცხადებს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირობებში აფხაზეთსა და საქართველოს შორის "შეთანხმებამდე მისვლა" შესაძლებელია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ეკა მომცელიძე