ალან ძაგოევის მიერ პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გატანილ გოლს, პოლონელებმა შესვენების შემდეგ ბლაშიკოვსკის შესანიშნავი გოლით უპასუხეს. ასე დასრულდა ეს მატჩი იმ შედეგით, რომელსაც ბევრი წინასწარმეტყველებდა და მან ამ ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურამდე ბუნდოვანი დატოვა.
მატჩის საწყის წუთებში პოლონელთა უპირატესობა, ტაიმის დასასრულს რუსების უკეთესი თამაშით ჩანაცვლდა. ტურნირის მასპინძლები მთელი გუნდით იცავდნენ საკუთარ კარს. რუსები დიდხანს ვერ ახერხებდნენ დაცვის ხაზის გარღვევას, მაგრამ მათ შესვენებამდე ეს მაინც მოახერხეს. -37-ე წუთზე არშავინმა „სტანდარტიდან" ბრწყინვალედ ჩააწოდა, ხოლო ძაგოევმა თავით მშვენივრად გადაგზავნა ბურთი შორეულ კუთხეში - 0:1.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე პოლონელებმა გამოასწორეს თამაში. ლევანდოვსკის პირველივე წუთებზე შეეძლო თავისი გვარი დაეფიქსირებინა ტაბლოზე - მან რუსთა კარის დარაჯი მოატყუა, მაგრამ მალაფეევმა მაინც შეძლო ბურთის აღება.
საბოლოოდ, პოლონეთის ნაკრებმა 57-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. კაპიტანმა ბლაშიკოვსკი ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოს მისადგომების ცენტრისაკენ დაიძრა და ზედ რუსთა საჯარიმოს ხაზიდან ბურთს ძლიერად დაჰკრა. მალაფეევს ამჯერად შანსი არ ჰქონდა გადაერჩინა თავისი გუნდელები - 1:1.
რუსებს ბოლო ტურში ბერძნების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ქულა ესაჭიროებათ, რათა ევრო-2012-ის მეოთხედფინალში მოხვდნენ.
პოლონეთი - რუსეთი 1:1 (0:1)
ვარშავა. 12 ივნისი, 2012. „ნაციონალური". 53617 მაყურებელი. 22:45
პოლონეთი (4-2-3-1): ტიტონი, ბენიში, პერკისი, ვასილევსკი, პიშეკი, პოლანსკი (მატუშიკი, 85), დუდკა (მეჟეევსკი, 75), ობრანიაკი (ბროჟეკი, 90), მურავსკი, ბლაშიკოვსკი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ფრანციშეკ სმუდა .
რუსეთი (4-3-3): მალაფეევი, ჟირკოვი, იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, ანიუკოვი, ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი, არშავინი, კერჟაკოვი (პავლიუჩენკო, 70), ძაგოევი (იზმაილოვი, 79).
მთავარი მწვრთნელი: დიკ ადვოკატი.
გაფრთხილებები: ლევანდოვსკი (60), დევისოვი (60), ძაგოევი (75), პოლანსკი (79).
გოლები: ძაგოევი (37) ბლაშიკოვსკი (57)
მსაჯები: ვოლფგანგ შტარკი, ზალვერი, მაიკლ პიკელი, ფლორიან მეიერი, დენის აიტეკინი (ყველა გერმანია), იშტვან ვოდი (უნგრეთი).
დარტყმა 14 (7)-7 (3); ჯარიმა 12-16; კუთხური 4-6; თამაშგარე 2-2; ბურთის ფლობა 43%-57%; სეივი 2-6.