ხვალ, 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, საგურამოში მდებარე ,,ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს" მოინახულებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია, რომ მევენახეობა საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამისათვის საქართველოს ყველანაირი რესურსი გააჩნია. ამის ნათელი მაგალითია ,,ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" ვენახები, სადაც გამოყვანილია მაღალი ხარისხის საღვინე და სასუფრე ყურძნის ეროვნული, ასევე საქართველოს პირობებისთვის უკვე აპრობირებული უცხოური ჯიშებიც. სასურველი იქნება თუ გლეხები აქ გამოყვანილ მაღალი ხარისხის ეროვნულ, ტრადიციულ სანერგე მასალას გამოიყენებენ.
"ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" ვენახები 20 ჰექტარზეა გაშენებული. ამ მეურნეობის ფუნქცია არის უპირველესი ვაზის ჯანსაღი სარგავი მასალის ვაზის ნამყენი ნერგების წარმოება. ამისთვის მეურნეობამ შექმნა საბაზისო საძირეთა და სანამყენეთა სადედეები (ვენახები).
ეროვნული ცენტრის ამოცანაა, აწარმოოს უვირუსო, ჯანსაღი, სელექციურად ერთგვაროვანი კატეგორიის ნერგები. შემდგომში, ამ ნამყენი სანერგე მასალის გამრავლება ნებისმიერ, გამოცდილების მქონე სანერგე მეურნეობას შეუძლია, რათა მაღალი ხარისხის ნერგები ნებისმიერი გლეხისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
"ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში" განთავსებულია ქართული აბორიგენული ჯიშების კოლექცია, სადაც 400-ზე მეტი ჯიშის ნერგია წარმოდგენილი.