გერმანელებმა ევრო-2012 გამარჯვებით დაიწყეს. ყველაფერი მარიო გომესის მიერ გატანილმა თავურმა გადაწყვიტა. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ყველა გააოცა, როცა მან იუბილარი კლოზეს (მატჩის დღეს იგი 34 წლის გახდა) ნაცვლად ძირითადში გომესი დააყენა. პორტუგალიელმა ნანიმ დროზე მოიშუშა ტრამვა, გუშინდელ მატჩში ძირითადშიც ვიხილეთ და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურადაც წარსდგა.
თამაშის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ კარში დარტყმას მხოლოდ ბუნდესგუნდი ახორციელებდა. პორტუგალიელ მეკარეს ყველაზე მეტ პრობლემას გომესი და პოდოლსკი უქმნიდნენ, თუმცა, არც პორტუგალიელები აპირებდნენ მუდამ კარის დაცვას. პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი, სწორედ პაულუ ბენტუს შეგირდებმა შექმნეს. 44-ე წუთზე, ბურთის კუთხურიდან გათამაშების შემდეგ იგი პეპესთან აღმოჩნდა, რომლისგან ძლიერად დარტყმული, ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე კი კარის ხაზზე დაეცა.
მეორე ნახევრის დასაწყისში, პორტუგალია მეტწილად მეორე ნომრად მოთამაშე ფლობდა უპირატესობას, თუმცა ეს გაშვებულ გოლამდე გაგრძელდა. 72-ე წუთის შემდეგ, გერმანია საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ფიქრობდა და სიმართლე ითქვას, გაუმართლა კიდეც, რომ ერთი გოლი მაინც არ გაუშვა.
საპასუხო გოლთან ორჯერ იყო ახლოს ნანი (ერთხელ მისი დარტყმული კარის ჯვარედინს ზემოდან დაეცა), მაგრამ მატჩის ბოლოსკენ პორტუგალიელთა მიერ შექმნილი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, შეცვლაზე შემოსულ ვარელას ჰქონდა. მან ნელსონ ოლივეირას ჩაწოდებულზე გერმანელი მცველების იშვიათი იაღლიშით ვერ ისარგებლა - კარიდან ორიოდე მეტრში მყოფმა ბურთი ნოიერს გაარტყა და ქულის (რომელიც მართლაც ალალი იქნებოდა პორტუგალიელებისთვის) მოპოვების რეალური შანსი გაანიავა.
გერმანია - პორტუგალია 1:0 (0:0)
ლვოვი. 9 ივნისი, 2012. „არენა ლვივი". 32990 მაყურებელი. 22:45
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი, ბოატენგი, ხედირა, შვაინშტაიგერი, ოზილი (კროსი, 87), მიულერი (ბენდერი, 90+4), პოდოლსკი, გომესი (კლოზე, 80).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
პორტუგალია (4-2-3-1): პატრისიუ, ალვეში, პეპე, კოენტრაუ, პერეირა, ველოზუ, მოუტინიუ, მეირელეში (ვარელა, 80), ნანი, რონალდუ, პოშტიგა (ოლივეირა, 70).
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ.
გაფრთხილებები: პოშტიგა (13), ბადშტუბერი (43), კოენტრაუ (60), ბოატენგი (69).
გოლი: 1:0 გომესი (72).
მსაჯები: სტეფან ლანუა; ფრედერიკ კანო, მიშელ ანონიე; ფრედი ფოტრელი, რუდი ბუკუ (ყველა საფრანგეთი); მარცინ ბორსკი (პოლონეთი).
დარტყმა 9 (3)-8 (5); ჯარიმა 14-20; კუთხური 2-11; თამაშგარე 1-1; ბურთის ფლობა 56%-44%; სეივი 3-2.
1. გერმანია 1 1 0 0 1:0 3
2. დანია 1 1 0 0 1:0 3
3. პორტუგალია 1 0 0 1 0:1 0
4. ჰოლანდია 1 0 0 1 0:1 0