პრაქტიკულად ყველა რგოლში დაბალანსებულმა „ნარინჯისფერებმა", მორტენ ოლსენის, რბილად რომ ვთქვათ „ბანდასთან" 0:1 წააგეს. შესაძლოა ბერტ ვან მარვიიკმა რამეში მიჰქარა (ეს ჩვენზე უკეთ უკვე თავად უწყის და ახლა მეორე ჯგუფური შეხვედრის სასტარტოზე ფიქრში, უკვე გამოსწორებული აქვს), მაგრამ დაუკვირდით შეცვლაზე შემოყვანილი ფეხბურთელების ჩამონათვალს. რომელი ქვეყნის სამუნდიალო ძირითად შემადგენლობას არ დაამშვენებდნენ კუიტი, ვან დერ ვარტი და ჰუნტელარი. მოკლედ, ამ დონის მწვრთნელებსაც რაღაც ეშლებათ.
დანიელებმა როგორც მეორე ნომრად დაიწყეს ისე დაამთავრეს შეხვედრა. მატჩის ერთადერთი ეპიზოდი 24-ე წუთზე იყო, როცა ნომინალურმა სტუმრებმა პირველებად ითამაშეს და მეტოქეს სანანებელი გაუხადეს - მარცხენა ფლანგიდან დაბალი ტრაექტორიით ჩაწოდებულ ბურთს კრონ-დელი დაეუფლა, ჰოლანდიელთა საჯარიმოში მოძრაობაზე ერთბაშად ორი სახელოვანი „მფრინავი" მცველი ვან ბომელი და ჰეიტინგა დაიჭირა და მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ დარჩენილმა, სტეკელენბურგს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა - 0:1.
აქამდეც და მას შემდეგ, „ნარინჯისფერებმა" მეტოქის კარისაკენ 27-ჯერ დაარტყეს. ყველაზე ხშირად თავზეხელშემორტყმული რობინ ვან პერსი გახლდათ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კარის ჩარჩოში ყველაზე ზუსტად მოხვედრებული ვან ბომელმა დაარტყა. ჰოლანდიელთა კაპიტანისგან მარცხენა კუთხეში გაგზავნილი ძლიერად დარტყმული ანდერსენმა (ოღონდ ცნობილმა მეზღაპრემ არა) თავგანწირულ ნახტომში მოიგერია.
თითქოსდა, სხვის ომში ხმლის ქნევა იოლი საქმეა. ალბათ ჩვენს დაახლოებით ასე გამოგვივა, როცა მდევრის როლში მყოფ ვან მარვიიკს, შეცვლების დაგვიანებაზე მივუთითებთ. თუმცა, ამით ვითომ რამეს ეშველება? მორტენ ოლსენმა, რომელიც საკუთარ გუნდს ჯგუფის აუტსაიდერად აცხადებდა, თავმოსაწონებელი აქვს - მისმა გაწვრთნილმა „ბანდამ" ნიდერლანდული „ვარსკვლავთკრებული" ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით დაამარცხა. კარში დარტყმებს და აცილებულ ბურთებს, გულის მოსაოხებლად თუ ითვლიან. სხვათა შორის, მეზღაპრეთა ქვეყნიდან წარგზავნილებმა სახელოვან მეტოქეს არ კომპონენტშიც პირწმინდად მოუგო - კარის ჩარჩოში დარტყმული ბურთის მოხვედრების პროცენტი 100 ჰქონდა, მაშინ როცა ოპონენტმა 26 პროცენტი შეაკოწიწა.
ჰოლანდია - დანია 0:1 (0:1)
ხარკოვი. 9 ივნისი, 2012. „მეტალისტი". 35923 მაყურებელი. 20:00
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი (კუიტი, 85), ჰეიტინგა, ვლარი, ვილემსი, ვან ბომელი, დე იონგი (ჰუნტელარი, 71), სნეიდერი, რობენი, ვან პერსი, აფელაი (ვან დერ ვარტი, 71).
მთავარი მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი.
დანია (4-2-3-1): ანდერსენი, კიაერი, აგერი, სიმონ პოულსენი, იაკობსენი, იორგენსენი, ერიკსენი (შონე, 74), ზიმლინგი, კრონ-დელი, რომედალი (მიკელსენი, 84), ბენდტნერი.
მთავარი მწვრთნელი: მორტენ ოლსენი.
გაფრთხილებები: ვან ბომელი (67), პოულსენი (78), კვისტი (81).
გოლი: 0:1 კრონ-დელი (24).
მსაჯები: დამირ სკომინა; პრიმოჟ არჰარი, მატეი ჟუნიჩი; მატეი იუგი, სლავკო ვინჩიჩი (ყველა სლოვენია); პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
დარტყმა 27 (7)-4 (4); ჯარიმა 7-12; კუთხური 11-4; თამაშგარე 1-2; ბურთის ფლობა 56%-44%; სეივი 3-6.