იტალიელთა წინააღმდეგ ევრო-2012-ის წინ მოგებული სპარინგის შემდეგ, რუსეთის ნაკრების გულშემატკივარი თავშეკავებული ოპტიმიზმის ფაზაში აღმოჩნდა. სასტარტო მატჩში ჩეხეთის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ კი, ეს ფაზა თავდაჯერებულ ოპტიმიზმში გადაიზარდა. რუსები ამ წყვილის ფავორიტად კი ითვლებოდნენ, მაგრამ ასეთი უპირატესობის წარმოდგენა, საკმაოდ „კერკეტ" ჩეხებთან, ცოტა არ იყოს ძნელი გახლდათ.
ჰოლანდიელმა დიკ ადვოკატმა ამ დღეს ყველაფერი გამოიცნო - კარში მალაფეევის ჩაყენება, ძაგოევის ძირითადში და პავლიუჩენკოს სათადარიგოთა შორის გამწესება. კი მართალია, ფეხბურთელებმაც „ხუთიანზე" შეასრულეს მწვრთნელის დავალებები, მაგრამ არც ამ უკანასკნელს უნდა დავუკარგოთ სტრატეგობა.
შედეგად, ალან ძაგოევის დუბლი, რუსთა მიერ ჯგუფური ეტაპის შესანიშნავი გამარჯვებით დაწყების საწინდარი გახდა. ძაგოევის მეორე გოლამდე, თავი რომან შიროკოვმა გამოიჩინა, რასაც ჩეხებმა (პილარი) მეორე ტაიმის დასაწყისში საპასუხო გოლით უპასუხეს. ჩეხთა რბევას წერტილი რომან პავლიუჩენკომ დაუსვა, რომელსაც ყველა სასტარტოში ელოდა, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით რუსების ჰოლანდიელმა თავკაცმა სკამზე დასვა და არც რამე წაუგია ამით - 4:1.
რუსეთი - ჩეხეთი 4:1 (2:0)
ვროცლავი. 8 ივნისი, 2012. „მუნიციპალური", 37348 მაყურებელი. 22:45
რუსეთი (4-3-3): მალაფეევი, ჟირკოვი, იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, ანიუკოვი, ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი, არშავინი, კერჟაკოვი (პავლიუჩენკო, 73), ძაგოევი (კოკორინი, 84).
მთავარი მწვრთნელი: დიკ ადვოკატი.
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი, კადლეცი, სივოკი, ჰაბნიკი, სელასიე, ჟირაჩეკი (პეტრჟელა, 75), პლაშილი, რეზეკი (ჰუბშმანი,46), როსიცკი, პილარი, მილან ბაროში (ლაფატა, 85).
მთავარი მწვრთნელი: მიხალ ბილეკი.
გოლები: 1:0 ძაგოევი (15), 2:0 შიროკოვი (24), 2:1 პილარი (52), 3:1 ძაგოევი (79), 4:1 პავლიუჩენკო (85).
მსაჯები: ჰოვარდ უები, მაიკლ მალარკი, პიტერ კერკაპი, მარტინ ეტკინსონი, მარკ კლატენბურგი (ყველა ინგლისი); ჟორჟ სოუზა (პორტუგალია).
დარტყმა 15 (6)-11 (6); ჯარიმა 13-14; კუთხური 3-5; თამაშგარე 3-3; ბურთის ფლობა 49%-51%; სეივი 5-2.