ამ დონის საფეხბურთო ტურნირის გახსნის პირობაზე, ყველაფერი ზომიერზე მეტი ჰქონდა პოლონეთისა და საბერძნეთის დაპირისპირებას. წითელი ბარათების სკანდალურად ფრიალის მოყვარულმა ესპანელმა არბიტრმა, საკუთარი სიტყვა ევრო-2012-ზეც თქვა და თუ კიდევ მისცემენ ამის საშუალებას, დარწმუნებული იყავით, არც მაშინ დაიხევს უკან.
მატჩისა რა ვთქვათ, მაგრამ პირველ ტაიმში ელადელთა მიმართ, რბილად რომ ვთქვათ უსამართლო მოქცევით, კარბალიომ საწყის 45-წუთეულს ნამდვილად დაასვა დაღი. ჯერ იყო და, სოკრატის პაპასტათოპულოსი ზედმეტად მკაცრად განსაჯა და ათწუთიან მონაკვეთში ორჯერ გააფრთხილა; მერე კი მასპინძელი პერკისი დაინდო, როცა ხელით თამაშისთვის პოლონეთის კარში პენალტი უნდა დაედო. ამ დროისთვის, პოლონეთი ანგარიშში უკვე დაწინაურებული იყო - პიშჩეკის პასით ლევანდოვსკიმ იხეირა და ზუსტი თავურით, ევრო-2012-ის გოლებს მე-17 წუთზე დაუდო დასაბამი - 1:0.
ევროპის ექს-ჩემპიონებს, კონტრშეტევის იმედად ყოფნა რომ მოუწევდათ, აშკარა იყო. ამის ფონზე, სანტუშმა მთლად საკუთარ კართან მიჯაჭვის კურსი არ აირჩია - ყოველ შემთხვევაში, მინდორზე მეტოქის რიცხობრივი უპირატესობის გათანაბრებამდე, ბერძნებს ანგარიშის გათანაბრება უკვე მოსწრებული ჰქონდათ. მწვრთნელს შემცვლელმა გაუმართლა - მარჯვენა ფლანგიდან ტოროსიდისის ჩაწოდებულზე თავურის დარტყმას გეკასი შეეცადა, რომელსაც ხელს მცველი ვასილევსკი უშლიდა. პოლონელმა ხელი მეტოქესაც შეუშალა და ბურთისთვის მებრძოლ საკუთარ კიპერსაც. ბურთთან სალპინგიდისი დარჩა, რომელსაც ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია - 1:1.
კარბალიომ 69-ე წუთზე პოლონელთა კარში დასანიშნავ პენალტზე თვალი ვეღარ დახუჭა. ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა სალპინგიდისი, რომელიც შჩესნისთან პირისპირ დარჩა და კიპერს ისღა დარჩენოდა, მოეცელა იგი. გაძევება და პენალტი - ასეთი იყო ამჯერად ესპანური ვერდიქტი. 11-მეტრიანის ნიშნულთან კარაგუნისი დადგა და სიმართლე გითხრათ, სახეზე შეეტყო, კაპიტნის პირობაზე ზედმეტად ნერვიულობდა. აკი, მოუგერია პოლონელთა სათადარიგო მეკარემ.
მოკლედ, მეტოქეთა თავს გადამხდარ საამმატჩო პერიპეტიებს თუ ჩავთვლით, შედეგი კანონზომიერი გახლავთ. ბერძენთა თავკაცმა სათამაშო სქემაში დროული და რაც მთავარია, ეფექტური გადაადგილება (ნომინალური ცენტრალური მცველის გარეშე დარჩენილმა, ცენტრში კაცურანისი გაამწესა) განახორციელა. პოლონელებმა ამ შედეგით, ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია 7-მდე გაზარდეს, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ მომავალ ტურში ძირითადი კიპერის გარეშე მოთამაშეებმა, რუსებთან წაიფორხილონ.
პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 (1:0)
ვარშავა. 8 ივნისი, 2012. „ნაციონალური", 50000 მაყურებელი. 20:00
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი, ბენიში, ვასილევსკი, პერკისი, პიშჩეკი, პოლანსკი, რიბუსი (ტიტონი, 70), ობრანიაკი, მურავსკი, ბლაშიკოვსკი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ფრანციშეკ სმუდა.
საბერძნეთი (4-3-3): ხალკიასი, მანიატისი, ტოროსიდისი, პაპასტათოპულოსი, ხოლებასი, ავრაამ პაპადოპულოსი (კირიაკოს პაპადოპულოსი, 36), კარაგუნისი, კაცურანისი, სამარასი, გეკასი (ფორტუნისი, 68), ნინისი (სალპინგიდისი, 46).
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.
გაფრთხილებები: პაპასტათოპულოსი (35, 44), ხოლებასი (45+1), კარაგუნისი (54).
გაძევებები: პაპასტათოპულოსი (44), შჩესნი (69).
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 1:1 სალპინგიდისი (51).
გამოუყენებელი პენალტი: კარაგუნისი (71, მეკარე).
მსაჯები: კარლოს ველასკო კარბალიო; რობერტო ალონსო ფერნანდესი, ხუან კარლოს იუსტე ხიმენესი; დავიდ ფერნანდეს ბორბალანი, კარლოს კლოს გომესი (ყველა ესპანეთი); ჯანლუკა როკი (იტალია).
დარტყმა 11(3)-7 (2); ჯარიმა 22-15; კუთხური 4-3; თამაშგარე 0-3; ბურთის ფლობა 53%-47%; სეივი 1-2.