საქართველოს საპატრიარქო ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელებულ, პატრიარქის შეურაცხმყოფელ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა დავით შარაშენიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ვიდეორგოლები საქართველოს ძლიერებას უქმნის საფრთხეს.
"პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისამი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები, ჩვენი ფუნდამენტალური ღირებულებები", - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.
ამასთან, ეკლესია მრევლსა და საზოგადოებას, რომელთა მხრიდანაც პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელებას აღშფოთება მოჰყვა, სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"აღვნიშნავთ იმასაც, რომ სასულიერო პირების ჩართვა დისკუსიასა და პოლემიკაში არის მტრული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და ამას არ უნდა ავყვეთ", - განაცხადა შარაშენიძემ.
გარდა ამისა, საპატრიარქო "საზოგადოებრივ მაუწყებელსაც" მიმართავს და თხოვს აღნიშნული ვიდეორგოლებით აღფოთებული საზოგადოების წარმომადგენლებს "პირდაპირ ეთერში მისცენ საშუალება პასუხი გასცენ ბოროტ განმზრახველთა ქმედებებს".