ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი კვლავ ორ ქვეყანაში გაიმართება. ევრო-2012-ს უკრაინა და პოლონეთი მასპინძლობს. თამაშები გაიმართება რვა ქალაქში (ოთხ-ოთხში თითოეული ქვეყნიდან) - ვარშავა, ვროცლავი, გდნასკი, პოზნანი, კიევი, დონეცკი, ხარკოვი და ლვოვი.
ევრო-2012-ის დაწყებამდე მრავალი სკანდალი აგორდა, რომელიც უკრაინას ეხებოდა. აქაოდა ეს ქვეყანა არ იყო კარგად მომზადებული ტურნირისთვის. საუბარი მიდიოდა ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანაზეც. ზოგი მიზეზი უკავშირდებოდა პირდაპირ ტურნირს (მაგალითად, სასტუმროების მაღალ ფასებს) ზოგი არა (მაგალითად, ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ციხეში ყოფნას).
ამის მიუხედავად, რიგი „ტექნიკური" საშიშროებებისა უსაფუძვლო გამოდგა. უკრაინამ მოახერხა დროზე გაერემონტებინა აეროპორტები და გზები, ააშენა და რეკონსტრუქცია ჩაუტარა სტადიონებს.
ყველაფერი ევროკავშირის ქვეყნების საჩვენებელი პოლიტიკური დემარშით დამთავრდა (მაგალითად, ისინი ზოგიერთ „რიგით" მატჩზე და ევრო-2012-ის დახურვაზე დასწრებას არ აპირებენ). თუმცა, ევრო-2012 არ გადაიდება და ფინალიც აუცილებლად კიევში ჩატარდება.
ევრო-2012-ის ყველა მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. მიუხედავად ამისა, უკრაინაში და პოლონეთში ელოდებიან არა მხოლოდ იმ ფანატებს, რომლებმაც მოახერხეს და შეიძინეს თამაშის ბილეთები. ყველა ქალაქში, რომლებიც ევრო-2012-ს უმასპინძლებენ, იქნება გახსნილი სპეციალური ფან-კლუბები, სადაც გულშემატკივრებს შეეძლებათ ფეხბურთის დიდ ეკრანზე ყურება, ერთმანეთთან ურთიერთობა და დასვენება.
მოკლედ, ვისაც ჩემპიონატის „ცოცხლად" ცქერის ბედნიერება არ ხვდა წილად, ტელევიზორებთან მოკალათდით. ადრე ზაფხულია, მაგრამ პოლონეთისა და უკრაინის საფეხბურთო მინდვრებზე ძალიან დაცხება.