აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული გალის რაიონში რუსლან ქიშმარია გალში ჩატარებულ ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბრობს. ქიშმარია აცხადებს, რომ ქარული მხარის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტურ და ვიდეომასალა ბუნდოვანია.
"ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტურ და ვიდეომასალა, რომელზეც თითქოს ასახულია აფხაზებისა და რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, გატაცების, მძევლად აყვანის, წამებისა და ძარცვის კონკრეტული ფაქტები და რუსული ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა ბუნდოვანია. წარმოდგენილ DVD-დისკებზე ძნელი განსასაზღვრავია თუ რომელი ტერიტორიის თავზე ფრენენ ვერტმფრენები _ აფხაზეთის თუ საქართველოს თავზე",_ აცხადებს ქიშმარია.
მისივე თქმით, შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს შესთავაზა კომისიის შექმნა, რომელიც შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში გემების დაკავების დაუშვებლობის წინააღმდეგ მექანიზმს გამოიმუშავებდა.
"მოვითხოვთ, ქართული მხარის ქმედებებს, რომელიც შავ ზღვაში აფხაზეთის მიმართულებითა და პირიქით მომავალი გემების დაკავებას ეხება ადეკვატური შეფასებები მიეცეს. ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ამგვარი კომისიის შექმნაზე, იმის გამო, რომ თავის ქმედებებს 80-იან წლებში მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევს და არ აღიარებს, რომ მისი ქმედებები მეკობრულია", _ აცხადებს ქიშმარია.
ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 3 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გაეროს ყოფილ შენობაში ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა. აფხაზ სეპარატისტებს კი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია. მასში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის. ეუთოსა და რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები.
ქართულმა მხარემ და ევროკავშირმა შეხვედრაზე სეპარატისტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის, გატაცების, მძევლად აყვანის, წამებისა და ძარცვის კონკრეტული დოკუმენტური და ვიდეომასალა წარადგინა.